მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ მოსკოვის ცსკა–ს ვებ–გვერდზე
მანუჩარ მარკოიშვილი ტრვმირებულია და ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება. თუკი ის რამდენიმე დღეში ვერ მოახერხებს მწყობრში ჩადგომას, ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერ დაეხმარება. მარკოიშვილმა რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი გააფორმა მოსკოვის ცსკა–სთან, ხოლო იქვე, ამ გრანდის ოფიციალურ ვებ–გვერდს ინტერვიუ მისცა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ…
შენ თქვი, რომ ცსკა-ში თამაშზე ოცნებობდი. ამის მიზეზი რა იყო?
– ეს იოლი ასახსნელია. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი გახლდათ, ცსკა კი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან კლუბად ითვლებოდა, რომელიც ყოველთვის მწვერვალზე იყო. ქართველთაგან კი ამ გუნდში არავის უთამაშია, თუ არ ჩავთვლით გიორგი ცინცაძეს, რომელიც აქ რამდენიმე წლის გამოჩნდა. საქართველოში, სანამ პატარა ხარ, პირველი მიზანი თბილისის “დინამოში” აღმოჩენაა, შემდეგ კი ცსკა მოდის. იზრდები, როდესაც არმიელ მოთამაშეებს უყურებ, ვეტერანებზე ისტორიებს და ლეგენდებს ისმენ და თავადაც გინდა, ასეთი იყო, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო. თანამედროვე ეპოქაში ცსკა ევროპელ გრანდთაგან ერთ-ერთია, რომელიც ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს და ევროლიგაში თუ სხვა ტურნირებში დიდი წარმატებებისთვის მიუღწევია. ასეთ გუნდში მოხვედრა, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრი სხვა კალათბურთელის ოცნებაცაა.
– გასულ სეზონებში ცსკა-ს ასპარეზობას თვალს თუ ადევნებდით და ქომაგობდით?
– ყოველთვის ვუყურებდი და ვქომაგობდი იმის გამოც, რომ გუნდში ჩემი ახლო მეგობარი ვლადო მიცოვი თამაშობდა. გასულ სეზონში ჩვენ მეტოქეები ვიყავით და მართალია, ცსკა-ს დამარცხება ვერ მოვახერხეთ, ვლადოს და გუნდს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. მიცოვთან ერთად, 3 წელი იტალიურ “კანტუში” ვთამაშობდი – კარგი ბიჭია, ჩემსავით მართლმადიდებელია და დღესასწაულებს ყოველთვის ერთად აღვნიშნავდით. სერბებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. საერთოდაც, “კანტუ” მეგობრული გუნდი იყო.
– რუსულად ასე კარგად როგორ საუბრობ?
– ჩემი მეუღლე უკრაინელია. როდესაც მასთან ურთიერთობა დავიწყე, რუსული ცუდად ვიცოდი, შეიძლება ითქვას, საერთოდ ვერ ვსაუბრობდი. ამიტომაც, კურიოზულ სიტუაციებში ხშირად ვვარდებოდი. იყო შემთხვევები, მონდოდა სადმე დამეპატიჟა, მას არ ესმოდა და ცდილობდა გაერკვია: “ალბათ, შენ გინდოდა გეთქვა “კინოში წავიდეთ” (ან კაფეში, პარკში)”, რაზეც მე მოკლედ ვპასუხობდი: “დიახ!”. სკოლაში რუსულს ცუდად ვსწავლობდი და მოგვიანებით, ბედმა “დამსაჯა”! ვისწავლე!
– პროფესიონალებს შორის 14-15 წლის ასაკში აღმოჩნდი. რთული იყო? ადრე ხომ არ მოგივიდა?
– 15 წლის ვიყავი. საქართველოს ახალგაზრდულ და კადეტთა ნაკრებებში ვთამაშობდი. კადეტებში იტალიელთა წინააღმდეგ რანდენჯერმე ვითამაშე. მათი თავკაცი რენატო პასკუალი იყო, რომელიც ამავდროულად “ბენეტონის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც გახლდათ. სწორედ მან მიმიწვია სინჯებზე იტალიაში და 3 დღის თავზე გუნდში ამიყვანეს. თავდაპირველად, მე-11 მოთამაშე ვიყავი, ტრევიზოელებს კი ძირითადის 10 კალათბურთელი ჰყავდათ შერჩეული. მათთან ერთად მხოლოდ ვვარჯიშობდი, თუმცა, იანვარში ერთ-ერთმა მოთამაშემ კლუბი დატოვა და მეათე წევრად მე შემიყვანეს. ახალგაზრდა მოთამაშისთვის ეს თავის გამოჩენის ჩინებული შანსი იყო. საშუალოდ 10 წუთს მითმობდნენ და ევროლიგაშიც ვიასპარეზე. ეტორე მესინა იყო პირველი მწვრთნელი, რომელიც მენდობოდა და ბევრი რამ მასწავლა. ალალად გეტყვით, ძალიან მიჭირდა. უცხო ენები – ინგლისური და იტალიური არ ვიცოდი, ცოტა გერმანულად ვსაუბრობდი, თუმცა, არაფერში მადგებოდა. ამიტომაც, ვარჯიშებზე მაქსიმალურად ყურადღებით ყოფნა მიხდებოდა. უკან რომ ამ გამოცდილებით დაბრუნება შემეძლოს, ალბათ, სხვანაირად მოვიქცეოდი ხოლმე. ახალგაზრდა ვიყავი და უფროსებს პატივს ვცემდი, რიგ ეპიზოდებში ვეტერანი მოთამაშეების წინააღმდეგ ჯარიმას არ ვიღებდი, რადგანაც მათი დაზარალება არ მსურდა. ერთხელაც მწვრთნელმა მითხრა, “შენ უფრო სუსტი ხარ, ვიდრე ჩემი გოგო და ბიჭიო”. მეწყინა და გავბრაზდი. ცხადია, იგი ხუმრობდა, მაგრამ ყველაფერი სწორად გავიგე. ზრდა გვიან დავიწყე.
– შენი პირველი უცხოური კლუბები “ბენეტონი” და “ოლიმპია” იყო, რომლებიც ახალგაზრდობასთან მუშაობით ცნობილნი არიან. შეიძლება ითქვას, რომ მოთამაშედ სწორედ ამ კლუბებში ჩამოყალიბდი?
– “ბენეტონში” სწორად ამიხსნეს – დაცვაში როგორ მეთამაშა და ესა თუ ის კომპონენტები როგორ გამეუმჯობესებინა. “ოლიმპიაში” უკვე ის უნდა მეჩვენებინა, რა შემეძლო. თავდაპირველად, ბევრი რამ არ გამომდიოდა, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ მწვრთნელმა პროგრესი დაინახა და სათამაშო დრო გამიზარდა. ამასთან, სლოვენიაში უფრო ხისტად გარჯა ვისწავლე. მნიშვნელობა არა აქვს, კალათში ახვედრებ თუ არა, დაცვაში ყოველთვის აგრესიული უნდა იყო. იმ სკოლამ ბევრი რამ შემმატა.
– როგორც უკვე თქვი, “ბენეტონში” ეტორე მესინას ხელმძღვანელობით თამაშობდი. იმ პერიოდიდან რა მოგონებები დაგრჩა?
– თავიდან მისი მეშინოდა! თუმცა, იგი პირველივე დღიდან კარგად მეპყრობოდა. თუკი რამე პრობლემას ხედავდა, ვარჯიშების შემდეგ რჩებოდა და გარკვეულ მომენტებს მიხსნიდა, მეხმარებოდა. 16 წლის ბავშვს “ოთხთა ფინალის” განაცხადში არავინ ჩართავდა, მესინამ კი ეს გააკეთა. ნახევარფინალში 10 წუთი ვითამაშე, ფინალში კი – 15. ჩემთვის, ეს საუკეთესო მოგონებებია. მოგვიანებით გავათვითცნობიერე, რომ ამ ადამიანმა შანსი მომცა, რადგანაც ხედავდა, რომ ჩემგან შეიძლებოდა, რამე გამოსულიყო.
– ეროვნულ ნაკრებში, რომელშიც ბოლო პერიოდია, საკმაოდ საინტერესო შემადგენლობაა თავმოყრილი, ყოველთვის სიამოვნებით მიდიხარ. როგორ ფიქრობ, რა გაკლიათ, რომ უფრო მაღალ დონეზე ახვიდეთ?
– უცხოურ კლუბებში თამაში – ჩვენი სამუშაო და მომავალია, ეროვნული ნაკრები კი – სამუშაო არაა, არც ფულს ვიღებთ, ეს ჩვენი სულისთვისაა! ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ. ეს მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჩემთვის და ქომაგებისთვისაც. ნაკრებში გამოძახებას ერთგვარ საზაფხულო ბონუსად აღვიქვამ – ეს დამატებითი შესაძლებლობაა, რათა კალათბურთისგან სიამოვნება მივიღო. საქართველოს ნაკრებს უბრალოდ იმის გათავისება აკლია, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. არის გუნდი, რომლის წევრებიც ერთად უკვე რამდენიმე წელია ვთამაშობთ, “ახალგაზრდა სისხლი” კი არც ისე ბევრია. ნიჭიერი ქართველი კალათბურთელების აღზრდის რესურსი არ არსებობს. ქვეყანაში კალათბურთით, ალბათ, მხოლოდ 3 ქალაქია “დაავადებული”. ბავშვთა კალათბურთი ამ ბოლო დრომდე არ ვითარდებოდა. ახლა, პროცესი დაიძრა, ნელა, მაგრამ მაინც. ამის გარეშე ეროვნულ ნაკრებს მომავალი არ აქვს. ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ, უკვე წარმატებაა, თუმცა, უკვე დროა გავიგოთ, რომ ეს არა მხოლოდ წარმატება, არამედ შანსია, რომ მეტს მივაღწიოთ. როდესაც ამას გავათვითცნობიერებთ, მაშინ გუნდიც სხვაგვარად ითამაშებს.
– მოთამაშეთა ნატურალიზაციაზე და ამერიკელების ნაკრებში თამაშზე რა აზრის ხარ?
– ასე ვიტყვი: წინააღმდეგი ვარ. საქმე ის არ გახლავთ, რომ ამერიკელები არ მიყვარს, პირიქით, მათ მიერ ნაკრებისთვის გაწეულს სამსახურს ძალიან ვაფასებ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ პირობითად მე-12 ქართველი მოთამაშე, იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ღირსებას პარკეტზე იცავდეს, ამ ყველაფერს ტელევიზორში უყურებს. არა უშავს, რომ იგი უფრო დაბალი კლასისაა, სამაგიეროდ, ეს ნამდვილი საქართველოს ნაკრები იქნებოდა. სხვადასხვა ქვეყნებში კალათბურთის დონის განსაზღვრა ასე უფრო იოლია. შეიძლება კონკრეტული ტურნირისთვის პირობითი ჯორდანი აიყვანო და მოიგო კიდეც, რაც ქვეყნისთვის და ჩვენთვის უდიდესი სიხარული იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც იტყვის – “არ ყოფილიყო ჯორდანი, არ იქნებოდა გამარჯვება”. შეიძლება ამ საკითხში მართალი არ ვარ, მაგრამ ასე ვთვლი.
– წლის განმავლობაში საქართველოში რა დროს ატარებ?
– ცოტას. მხოლოდ ახლა, ცსკა-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გავფრინდები. წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად მაქსიმუმ 2-3 კვირა ვარ.
– ახალ ქვეყნებში გადასვლის ჟამს სამშობლოსთან კავშირის შეგრძნება რამდენად მნიშვნელოვანია?
– თავდაპირველად, განშორება ძალიან მიჭირდა. როგორც წესი, იმ ქვეყნებში, სადაც ვთამაშობდი, ქართული სამზარეულოც არ იყო. მხოლოდ სლოვენიაში ჩემმა კარგმა მეგობარმა გახსნა ქართული რესტორანი. ამ რესტორნის გარდაც, ლამის ყველა თამაშის შემდეგ სავახშმოდ მასთან მივდიოდი. კიევშიც ვიპოვე ქართული რესტორანი, ასე რომ, ნელ-ნელა სიტუაციას მივეჩვიე. ცხადია, საქართველო მენატრება ხოლმე, თუმცა, მოსკოვში არა მგონია, ეს პრობლემა იყოს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც – შინ.
– ამბობენ, საქართველოში ყველა მამაკაცი ან თავადია ან მომღერალი. შენ ვინ ხარ?
– სულიერად მხოლოდ – მომღერალი. თავადი ჩემზე, ალბათ, არ ითქმის. გარშემო პატიოსანი და სამართალიანი ხალხი მყავს და ამას ძალიან ვაფასებ. სამართლიანობა ყველაფერში მნიშვნელოვანია.
– ხომ არ მღერი?
– ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვმღერი. ერთხელ უკრაინაში ახალ წელს ვხვდებოდით და ვიღაცამ გაიგო, რომ სუფრასთან ქართველიც ვიყავი. მაშინვე მითხრა: “ლექსები თქვი!”. ვპასუხობ: “რადგან ქართველი ვარ, ლექსებს უნდა ვამბობდე, თამადა ვიყო და ბევრი ვსვა? არ შემიძლია, სპორტსმენი ვარ!”. თუმცა, ჩემი ოპონენტი არ გაჩერებულა: “მაშინ იმღერე!”. “ჩიტო-გრიტო” სიტუაციას კარგად მოერგო, ფონოგრამის დახმარებით იდეალურად გამომივიდა!
– გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვე. რა მოხდა? რა გამოცდილება მიიღე?
– მყესებთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა. მწყობრიდან 3 თვე გამოვედი, ოპერაცია გავიკეთე და აღდგენასაც დრო დასჭირდა. სხვათა შორის, ბოლო ეტაპი ბელგიურ კლინიკაში გავიარე, რომელიც ტომას ვან დენ შპიგელმა მირჩია. ერთადერთი, რაც მაშინ გავიგე, ისაა, რომ სანამ თამაშის შესაძლებლობა გაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. როდესაც მოედანზე გადიხარ, ყველაფერი უნდა გაიღო, რადგანაც არ იცი, მე-2 დღეს ისევ ითამაშებ თუ – არა. არ უნდა დაგრჩეს შეგრძნება, რომ “ამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე”. ჩემი ოცნება საქმეში რაც შეიძლება მალე დაბრუნება იყო. რათა თამაშისგან სიამოვნება მიმეღო.
– ცსკა-ში, ალბათ, რეზერვისტის როლში იქნები. მზად ხარ?
– სასტარტო ხუთეულში ყველა გუნდში არ ვყოფილვარ. სხვადასხვა ვარიანტებისთვის უნდა ვიყო მზად. პაპალუკასმა ბრძნული რამ თქვა: “მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იწყებს თამაშს, მთავარია ვინ ასრულებს”. სკამიდან დაწყება უფრი რთულია, მაგრამ უნდა ვეცადო. მთავარია, თამაშის შანსი მექნება.
gbf.ge