წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი უკრაინის ჯარში გაიწვიეს?
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარკოვის „მეტალისტის“ ნახევარმცველმა ედმარმა უკრაინის არმიიდან უწყება მიიღო. წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი 2011 წელს ნატურალიზაციის წესით უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინელთა ეროვნულ გუნდში 9 მატჩიც ჩაატარა.
„ძალიან გამიკვირდა, ჯარში გაწვევას არ ველოდი. კლუბის ოფისში მივედი, იქ რაღაც ფურცელი მომცეს, წარადგინე და პრობლემა მოიხსნებაო. არ ვიცი, შესაძლოა ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმაც მიიღო უწყება, ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს.
ჩემი მეუღლე ძალიან შეშინდა, თუმცა დავაწყნარე, ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მუდმივად ვვარჯიშობ, მალე ჩემპიონატიც დაიწყება.
უცებ მართლაც რომ მომიწიოს ჯარში წასვლა, არ ვიცი, რას გავაკეთებ. მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში გამომდის კარგად“, – სხვადასხვა წყაროების ცნობით, ეს სიტყვები თავად ფეხბურთელს ეკუთვნის.
მოგვიანებით „მეტალისტის“ დირექტორმა ალექსეი ტარგონსკიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედმარი უკრაინის ჯარში გაიწვიეს.
„ვესაუბრე ედმარს. მან მითხრა, რომ არავითარი უწყება არ მიუღია. როგორც ჩანს, ვიღაცამ უბრალოდ მოიგონა ეს ამბავი, რომ სასაუბრო თემა ყოფილიყო“, – განაცხადა ტარგონსკიმ.