ოთარ გიორგაძე: “გუშინდელ ფაქტს არანაირი გამართლება არ აქვს”
“ჩიხურა” – “ბურსასპორის” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შორის მომხდარ უსიამოვნო ინციდენტის თაობაზე კომენტარი სპორტულ ჟურნალისტს, ოთარ გიორგაძეს ვთხოვეთ.
ოთარ გიორგაძე: “უსიამოვნო ფაქტია. ის, რაც დღემდე საქართველოში იშვიათად ტრიბუნებზე და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, გუშინ საპრესკონფერენციო ოთახში გადაინაცვლა.
ასეთი შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. რა თქმა უნდა, სტუმართა მხრიდან იყო მცირე პროვოკაცია, მაგრამ ვთვლი, რომ ნებისმიერი ქვეყნის მედია საშუალებას, რომელიც მატჩზე აკრედიტირებულია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ სამუშაო პროცესში.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქციები შეიძლება მოყვეს ამ ფაქტს, მაგრამ ეს რომ სანაკრებო ოფიციალური მატჩი ყოფილიყო ან თუნდაც რომელიმე ევროტურნირის ჯგუფური ეტაპი, უეფასგან საკმაოდ მკაცრი სასჯელი იქნებოდა დაწესებული.
დასასრულს მინდა “ჩიხურას” გუშინდელი გამარჯვება მივულოცო და გუნდის თითოეულ წევრს “ნეფტჩისთანაც” ასეთი თავდადებული თამაში ვუსურვო. მომდევნო ეტაპზე ეს გუნდი კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს იმსახურებს”.