„დილამ“ ბოლნისელები დაამარცხა
„დილამ“ დღეს მორიგი სპარინგი გამართა ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ, რომელიც მოგეხსენებათ წლეულს ევროპის ლიგაზე ასპარეზობდა.
გორული გუნდისთვის ეს მესამე ამხანაგური შეხვედრა გახლდათ. წინა სპარინგებისგან განსხვავებით „დილამ“ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აღნიშნული თამაში საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა.
პირველივე წუთებიდან გუნდებმა საკმაოდ სწრაფი ფეხბურთი შესთავაზეს ამ შეხვედრაზე მოსულ არცთუ მცირერიცხვოვან გულშემატკივარს. საწყის წუთებზე ორი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, ჯერ სტუმართა გამოცდილი მცველის გივი კვარაცხელიას შორეული დარტყმა იყო გამოსარჩევი, ხოლო რამოდენიმე წუთში „დილას“ განაპირა ნახევარმცველის გიორგი ბერიძის ბოლნისელთა მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა იყო აღსანიშნავი, სადაც ზუხბაიამ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.
მატჩის მე-16’ წუთზე გორელებმა ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შედეგად გახსნეს ანგარიში. აღნიშნულ ეპიზოდში გვინდა გამოვარჩიოთ „დილას“ ახალგაზრდა ნახევარმცველის თენგიზ წიქარიძისა და ირაკლი მოდებაძის ლამაზად გათამაშებული კომბინაცია, რომელიც წიქარიძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა – 1:0.
გოლიდან რვა წუთში „დილამ“ სახიფათო ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა. ნიკა კვეკვესკირისდარტყმული ცოცხალ კედელში მდგომ ფეხბურთელს მოხვდა, ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და „სიონის“ გოლკიპერმა გაჭირვებით მოიგერია, თუმცა იქვე ირაკლი მოდებაძე აღმოჩნდა და თავური დარტყმით ორამდე გაზარდა უპირატესობა – 2:0.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ორივე გუნდმა შექმნა სახიფათო მომენტები. განსაკუთრებით სახიფათო გახლდათ სტუმართა მიერ შესრულებული სტანდარტული მდგომარეობები.
42’-ე წუთზე მსაჯმა „დილას“ კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ბოლნისელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფორვარდმა ვილი ისიანმა გოლად აქცია – 2:1.
მეორე ნახევარში ორივე გუნდის თავკაცმა შეცვლებს მიმართა. ბოლნისელები ძირითადად შორეული დარტყმებით ცდილობდნენ „დილას“ კარის აღებას, თუმცა თორნიკე ზარქუა საიმედოდ იცავდა კარს. გორელების შეტევები კვლავ სახიფათო გახლდათ. აღსანიშნავია გიორგი ერისთავის ბათიაშვილთან ერთი-ერთზე გასვლა, რომელიც ბოლნისელთა მეკარემ მოიგერია. ერისთავი თითქმის კიდევ ერთხელ დარჩა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ბოლო მომენტში მცველი წამოეწია და განმუხტა სახიფათო მდგომარეობა. რამოდენიმე მომენტი ჰქონდა დავით რაჟამაშვილსაც, თუმცა საქმე გატანილ გოლამდე არ მისულა. შეხვედრის დამატებულ წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ილია ლომიძემ „დილას“ მრავალსვლიანი კომბინაცია საკმაოდ ლამაზი და ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა – 3:1.
შეგახსენებთ, რომ „დილა“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს 29 ივლისს და დილას „გაგრა“ იქნება. მატჩი 18:30 წუთზე დაიწყება.
გუნდების შემადგენლობები
„დილა“: ზარქუა, მჭედლიშვილი, თომაშვილი, კვახაძე (კაპ.), ჯაფარიძე, რაზმაძე, ბერიძე, წიქარიძე, კვეკვესკირი, ახალკაცი, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ფარჯიკია, ფალავანდიშვილი, რაფაელი, ლომიძე, ერისთავი.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.
„სიონი“: ზუხბაია, იმედაშვილი, კვარაცხელია, უგრეხელიძე, გურეშიძე, კანდელაკი, განუგრავა, აფციაური, ლობჟანიძე, უგულავა, ისიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: მოსემღვდლიშვილი, გაფრინდაშვილი, მამასახლისი, გაბრიჩიძე.
მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.
გოლები: წიქარიძე (16′) 1:0, მოდებაძე (24′) 2:0, ისიანი (42′ პენ.) 2:1, ი. ლომიძე (90′) 3:1.
გაფრთხილებები: კვარაცხელია (22’), გურეშიძე (31’), კანდელაკი (64’).