‘რაგბი აერთიანებს’ – ასპინძის სარაგბო ფესტივალი
რაგბი აერთიანებს! 25 ივლისს სტარტი აიღო საბავშვო სარაგბო ფესტივალების სერიის პირველმა ტურნირმა – „ასპიძნის სარაგბო ფესტივალი“. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა, აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებმა (ამერი), აღმოსავლეთ კენტის რეგიონალური რაგბის კლუბის ორმა გუნდმა: იომენ და ინვიქტა.
ტურნირის განრიგის მიხედვით, გუნდებმა 6 შეხვედრა გამართეს ერთმანეთის წინააღმდეგ. თითო მატჩი ორი თორმეტ წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.
მატჩები
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები – ამერი და კენტის ინვიქტა შეხვდნენ, რომელშიც ინგლისელებმა 20-10 გაიმარჯვეს. მეორე შეხვედრა საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრებსა და კენტის იომენს შორის გაიმართა. ამჯერად მასპინძლებმა დამაჯერებლად შეძლეს სტუმრების დამარცხება ანგარიშით 30-5.
გამართული ორი მატჩის შემდეგ ოც წუთიანი შესვენების დრო დადგა, რომლის დასრულების შემდეგ მოედანზე საქართველოს 15 წლამდელები აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში ნაკრებმა ამერს 15-5 სძლია. ქართველების შემდეგ ინგლისური დუელი გაიმართა. შეხვედრაში კვლავ ინვიქტამ გაიმარჯვა, ანგარიშით 35-10.
სათამაშო დღის მესამე რაუნდში ერთმანეთს უკვე პირველ ორ მატჩში დამარცხებულები – ამერი და იომენი შეხვდნენ. ამჯერად ამერმა არაფერი დაუთმო მოწინააღმდეგეს და 25-0 გაიმარჯვა.
წინ საფესტივალო სერიის პირველი ტურნირის საფინალო შეხვედრა რჩებოდა, რომელშიც დაუმარცხებლები – საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები კენტის ინვიქტას დაუპირისპირდა. შეხვედრაში უპირატესობა ქართველმა 15 წლამდელებმა მალევე მოიპოვეს და რამოდენიმე ლელოც მიითვალეს. მეორე ნახევრის შუაწელში ინგლისელებმაც შეძლეს ქართველების დალელოვება და შეხვედრა 35-5 დასრულდა მასპინძლეთა სასარგებლოდ.
საერთაშორისო საფესტივალო სერიის მეორე ტური
სერიის ფარგლებში მარტყოფის სარაგბო ბაზაზე 28 და 29 ივლისს გაიმართება „თბილისის სარაგბო ფესტივალი“, რომელშიც ასპინძის ტურნირში მონაწილე გუნდებს დასავლეთ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები – იმერი დაემატებათ.