“ჩვენ ღარიბთა შორის უღარიბესები ვიყავით”
როგორც ჩანს, ალექსის სანჩესს ყოველთვის უზრუნველყოფილი ცხოვრება არ ჰქონია. ჩილელი შემტევი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლონდონის “არსენალში” გადავიდა, ძალიან გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა.
ორშაბათს Sun-ში ალექსის სანჩესის ძმის უმბერტოს ინტერვიუ გამოქვეყნდა. უმბერტოს თქმით, მისი ძმა პატარაობიდანვე ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ ფული გამოემუშავებინა.
“ალექსისს ბავშვობაში არაფერი არ ჰქონია. ყველაფერი, რაც ახლა მას აქვს, შრომით მოიპოვა. ის პატარა ტანმოვარჯიშეს ჰგავდა, რომელიც შეგეძლო ნებისმიერ ადგილას გენახა. ხშირად ჩემი ძმა ჩვენს მეზობლებს ართობდა, ისინი კი მას ამისათვის ფულს უხდიდნენ.
იყო შემთხვევები, როცა ალექსისი მთელი დღის განმავლობაში მშიერი რჩებოდა, ამიტომ ზოგჯერ მეზობლებს კარებზე უკაკუნებდა და მათ პურს სთხოვდა. ჩვენი მეზობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ისინი ხშირად გვეხმარებოდნენ”, – ამბობს უმბერტო.