„დილა“ 5:0 „გაგრა“
დღეს გორის „დილამ“ საკუთარ სტადიონზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილისშეგირდებმა ამჯერად პირველლიგელი გაგრა მიიღეს და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს მეტოქე.
შეხვედრა მთლიანად გორელთა უპირატესობით წარიმართა. თვალში საცემი გახლდათ „დილას“ ფეხბურთელების სწრაფი მოქმედება და ლამაზად გათამაშებული კომბინაციები. სწორედ ასეთი კომბინაციების შედეგი გახლდათ საწყის წუთებში გატანილი ორი გოლი.
პირველ შემთხვევაში მარცხენა მხრიდან გიორგი ბერიძის ჭკვიანური გრძელი გადაცემის შემდეგ,რომან ახალკაცმა ლამაზად დაუტოვა ბურთი ნიკა კვეკვესკირს, რომელმაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0. ლამაზი სანახავი გახლდათ მეორე გატანილი ბურთიც, რომლის ასისტენტი კვლავ რომან ახალკაცი გახლდათ, ვის მიერაც მარჯვენა ფრთიდან ზუსტი გადაცემით ირაკლი მოდებაძემ ისარგებლა, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა – 2:0.
პირველი ნახევრის ბოლოს კი ლუკა რაზმაძის გადაცემის შემდეგ, ირაკლი მოდებაძე გაგრელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, სადაც მცველმა „დილას“ მოიერიშეზე თამაშის წესები დაარღვია. თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად გამოიყენა – 3:0.
მეორე ნახევრის საწყის წუთებზე კვეკვესკირმა ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში ოთხამდე გაზარდა – 4:0. ამის შემდეგ გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლავთ გორელთა მეხუთე გატანილი ბურთი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ბიძინა მახარობლიძემ შორეული დარტყმით გაიტანა – 5:0. დარჩენილ დროში გორელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
აქვე გვინდა მოგახსენოთ, რომ „დილას“ რიგები დატოვა გულვერდ თომაშვილმა. ჩვენი კლუბის სახელით მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც პირად, ასევე სპორტულ ცხოვრებაში.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ გამართავს თბილისში „ბორის პაიჭაძის“ სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
გუნდების შემადგენლობა
„დილა“: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კაპ.), მჭედლიშვილი, ჯაფარიძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, წიქარიძე, ახალკაცი, ბერიძე, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: აფხაზავა, ვ. ხორგუაშვილი, ლომიძე, ფალავანდიშვილი, ნოზაძე, რაფაელ ჩუკვურა, მახარობლიძე, კურმაშვილი, ერისთავი.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.
„გაგრა“: რეჭია, სიჭინავა, ბიწკინაშვილი, ხარაბაძე, ჯგერენაია, ნოზაძე, ქარდავა, გურეშიძე, ცაცკრიალაშვილი, ზაქრაძე, ჯერემია.
შეცვლაზე შევიდნენ: გოგატიშვილი, მაჩაიძე, რამიშვილი, მელიქიშვილი, დანელიანი.
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ სიჭინავა.
გოლები: კვეკვესკირი (6’) 1:0, მოდებაძე (11’) 2:0, კვეკვესკირი (35’; 47’) 4:0, მახარობლიძე (64’) 5:0.
გაფრთხილებები: გურეშიძე, მაჩაიძე.
„დილას“ პრესსამსახური