ქართული ფეხბურთის პრესტიჟს ჩიხურა ბაქოში დაიცავს
ხვალ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროთასებზე დარჩენილი ერთადერთი ქართული გუნდი მორიგი მეტოქის დამარცხებას ეცდება.
თურქული “ბურსასპორთან” დრამატულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ საჩხერის “ჩიხურა” ურთეირთობას აზერბაიჯანის წარმომადგენელ, ბაქოს “ნეფთჩისთან” გაარკვევს. დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
მატჩი 2012 წელს აშენებულ “ბაქსელ არენაზე” გაიმართება, რომელიც 15 000 გულშემატკივარს იტევს. ადგილოვრივები ხვალ ანშლაგს ელიან. აზერბაიჯანული პრესის ცნობით ოთხშაბათისთვის უკვე 3500 ბილეთი იყო გაყიდული. მისასალმებელია, რომ “ჩიხურას” მხარდასაჭერად გულშემატკივრები საქართველოდანაც გაემგზავრნენ.
აზერბაიჯანში საკუთარი გუნდის იოლ გამარჯვებას ვარაუდობენ. გულშემატკივრებიც და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კლუბის ყოფილი თუ მოქმედი ხელმძღვანელები ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არ ერიდებიან. “ნეფთჩის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტაირ სულეიმანოვმა ისიც კი თქვა, რომ “ჩიხურა” აზერბაიჯანული კლუბისთვის შესაფერისი მოწინააღმდეგე არ არის და ბაქოელებმა ეს ეტაპი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უნდა გადალახონ.
თავის მხრივ “ჩიხურა” ხვალინდელი მატჩისთვის ფაქტობრივად სრული შემადგენლობით ემზადება. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს მეკარე გიორგი სომხიშვილი ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით უეფას გადაწყვეტილება არ გამოუტანია თორნიკე მუმლაძის საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფორვარდმა, რომელმაც “ბურსასპორთან” გადამწყვეტი პენალტის გატანა მოახერხა, რაც საკმაოდ ემოციურად აღნიშნა. განსაკუთრებული სიფრთხილით მართებთ თამაში “ჩიხურას” შემტევებს გიორგი გაბედავას და ლაშა კუჭუხიძეს. ახალგაზრდა ფორვარდები დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან და ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში თბილისში გასამართ განმეორებით მატჩს გამოტოვებენ.
“ჩიხურა” უკვე აზერბაიჯანშია და მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას ადგილზე გადის. ბესიკ დეკანოიძემ აზერბაიჯანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდი ბაქოში მოსაგებად არის ჩასული:
“ნეფთში საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ამ გუნდს უკვე ორჯერ შევხვდით და ბაქოში მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება” – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში გავლილ სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე “ნეფთჩი” და “ჩიხურა” ერთმანეთს ორჯერ შეხვედნენ. პირველი მატჩი “ჩიხურას” გამარჯვებით 3:2 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში გუნდებმა ფრედ, 1:1 ითამაშეს. აქვე გთავაზობთ ორივე მატჩის ამსახველ ვიდეომასალას.