ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვაში მეორე სპარინგ-მატჩიც წააგო
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ლიტვაში, ადგილობრივ ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამით უცხოური შეკრება დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველები ამჯერად 27 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამზადსში მყოფმა ლიტველებმა საკუთარ არენაზე არაფერი დაუთმეს ქართველებს და 81:54 დაამარცხეს.
ქართველებმა შედარებით კარგად ითამაშეს, ვიდრე პანევეჟისში გუშინწინდელ შეხვედრაში, რომელიც კოკოშკოვის გუნდმა 51:82 წააგო. მართალია, დღევანდელი წაგება უწინდელზე მხოლოდ 4 ქულით იყო ნაკლები, თუმცა ქართველებმა მრისხანე მეტოქესპირველი ტაიმი ტოლ-სწორად ეთამაშნენ და მესამე მეოთხედში ჩავარდნის გამო მატჩი დიდი სხვაობით დათმეს.
მოედანს დაუბრუნდა ვიქტორ სანიკძე, რომელმაც წინა 2 მატჩი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. კოკოშკოვმა სანიკიძე 31 წუთზე მეტ ხანს ათამაშა და საერთოდ, ქართველების მწვრთნელი ძირითადად სასტარტო კალათბურთელებს დაეყრდნო. მოედანზე არ გამოჩენილა განაცხადში მყოფი გიორგი შარაბიძე, ხოლო ბექა წივწივაძემ, ნიკა მეტრეველმა, დუდა სანაძემ და ოთარ ფხაკაძემ ჯამში 12 წუთი ითამაშეს.
ეს გასაგებიც იყო: კოკოშკოვმა წინა მატჩის წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალ მატჩს ქართველები უკეთ ჩაატარებდნენ და ამისთვის მან ყველაფერი გააკეთა. საქმე ის გახლავთ, რომ უდიდესი რესურსის მქონე ლიტველებმა კვლავ შესანიშნავად ითამაშეს და ქართველები მესამე პერიოდში (29:15) გატეხეს.
შესანიშნავად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, თუმცა მისმა ოპონენტმა, ცნობილმა და უგამოცდილესმა დარიუს ლავრინოვიჩმა 14 წუთში 17 ქულა მიითვალა და მოედანზე აღარ გამოჩენილა. სხვათა შორის, ლავნინოვიჩმა ფაჩულიასთან უხეში თამაშისა და კინკლაობის გამო ტექნიკური ჯარიმა მიიღო. წინა მატჩში არ ყოფილა, თუმცა დღეს ითამაშა დარიუსის ძმა კჟიშტოფმა, რომელიც 6 ქულას დასჯერდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოში ხვალ დაბრუნდება და ზეგ დაისვენებს. 2 აგვისტოდან კი კოკოშკოვის გუნდი თბილისის მერიის თასზე კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას გამართავს მოლდოვის (2 აგვისტო), დიდი ბრიტანეთისა (3 აგვისტო) და ბელარუსის (4 აგვისტო) ნაკრებებთან.
იგორ კოკოშკოვი: “როგორც დაგპირდით, ჩვენმა ნაკრებმა იბრძოლა და უკეთესად ითამაშა. ჩვენ მატჩის არცთუ მცირე ნაწილს ვაკონბტროლებდით და მასპინძლებს ტოლს არ ვუდებდით. ლიტვა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნაკრები და ეს მასპინძლებმა დაამტკიცეს. ჩვენ მივიღეთ დიდი გამოცდილება. დიდი მადლობა ამ 2 მატისთვის. ჩვენი ნაკრები ოპტიმალური ფორმისგან ჯერაც შორსაა”.
gbf.ge