დავით ოდიკაძე: “ფრე ჩვენთვის სასურველი შედეგია”
უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ჩიხურას” კაპიტანმა დავით ოდიკაძემ, რომელმაც ნულოვანი ფრე სასურველ შედეგად შეაფასა.
“პირველ შეხვედრაში ჩვენი ამოცანა არწაგება გახლდათ, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ჩვენთვის ეს კარგი შედეგია. მძიმე მატჩი გამოვიდა.
ახლა განმეორებითი შეხვედრა გველის, ჩვენი ტრიბუნების წინაშე. “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართულ მატჩზე დაახლოებით 15 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ამჯერად უფრო მეტნი ვიქნებით, დაახლოებით 20 ათასი”, – ციტირებს ოდიკაძის სიტყვებს azerisport-ი.
შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.