“ტორპედო” – “საბურთალო” 3:0
2 აგვისტოს, ქუთაისის „ტორპედოს“ სავარჯიშო ბაზას პირველი ლიგის ბინადარი, თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“(მწვრთნელი – გია ჭიაბრიშვილი) ეწვია და ჩვენ გუნდთან ბუნებრივსაფარიან მოედანზე მოსამზადებელი შეხვედრა გამართა.
„ტორპედოს“ სამატჩო შემადგენლობაში სიახლე იყო ბექა ტუღუშის გამოჩენა, რომელსაც ქუთაისელი გულშემატკივრები კარგად იცნობენ. გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა სინჯებზე მყოფი 2 უკრაინელიც ათამაშა: მარცხენა მცველი ვალერი ბონდარენკო და საყრდენი ნახევარმცველი ილია დრევალი. რაც შეეხება მატჩს, პერსპექტიული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული „საბურთალო“ მასპინძლებს პირველ ტაიმში ტოლ-სწორად ეთამაშა. 15-წუთიან შესვენებაზე დაფიქსირებული ანგარიშიც ამას მეტყველებდა, თუმცაღა მეორე ტაიმში სხვაობა ძალებს შორის ქუთაისელთა სასარგებლოდ აშკარა გახდა და ანგარიშიც მხოლოდ მათ გრაფაში იზრდებოდა. 64-ე წუთზე, ქებურიას აქტივობით ნიკო კვასხვაძემ გაიტანა ახლოდან – 1:0. 75-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ტაბატაძის გადაცემის შემდეგ ბურთი ცოტნე ქებურიამ, ამჯერად თვითონ, ერთშეხებაში მოახვედრა მიზანში – 2:0. 89-ე წუთზე, მამასახლისის პასით გოგი ფიფიამმესამედ და ამ შეხვედრაში უკანასკნელად აიღო სტუმართა კარი – 3:0. ეს „ტორპედოს“ ზედიზედ მეხუთე მოგებული სპარინგია.
„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 78), ტაბატაძე, თოდუა, აბრამიძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე(დრევალი 70), ელიავა(ბაბუნაშვილი 57), ბენაშვილი(კვასხვაძე 39), მარკოზაშვილი(მამასახლისი 46), ტუღუში(ქებურია 60), ფიფია
„საბურთალო“: ლ. კუპატაძე(ქურდაძე 46), ბარამიძე, გ. მარგველაშვილი, კაკიაშვილი, ნადარაია(ალთუნაშვილი 38), ბლიაძე, ბიძინაშვილი, ხორხელი, რუხაძე, ჩაბრაძე(გვარაძე 50), გოშთელიანი(დ. კაპანაძე 50)
მსაჯი: კობა ჭაჭუა(ქუთაისი)