ჰოლანდიელებს ფეხბურთში ვიდეოგამეორების ექსპერიმენტის ჩატარება სურთ
“დე ტელეგრააფის” ცნობით, ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციაში საფეხბურთო მატჩებში ვიდეოგამეორებების დანერგვაზე ფიქრობენ და ახლა ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოგან (IFAB) ნებართვასაც ელიან. როგორც მოგეხსენებათ, IFAB ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ფეხბურთში ცვლილებების შეტანის უფლება გააჩნია.
ჰოლანდიელთა მხრიდან საუბარია კიდევ ერთი არბიტრის დამატებაზე, რომელიც ვიდეოს მეშვეობით მიადევნებს მატჩს თვალყურს. ჰოლანდიელებს სურთ, რომ ეს ინოვაცია წელს გასამართ ერთ-ერთ ახალგაზრდულ ტურნირზე დანერგონ.
პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მატჩის მიმდინარეობისას გუნდების მთავარ მწვრთნელებს შეეძლებათ, მინიმუმ ერთხელ მაინც მოითხოვონ ვიდეოგამეორება, რომლის მეშვეობითაც საკმათო ეპიზოდში ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მსაჯს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 10-15 წამი ექნება გამოყოფილი.