ორიგი: “ლივერპულში” სურთ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვიქცე”
“ლივერპულის” ახალწვეულმა დივოკ ორიგიმ აღნიშნა, რომ მერსისაიდულ გუნდში შეეცდება, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. “წითლებმა” ბელგიელი თავდამსხმელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ფრანგული “ლილისგან” შეიძინეს, თუმცა იმავე “ლილში” ერთწლიანი ვადით გაასხვისეს.
“ბრენდან როჯერსს სურს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. “ლივერპული” დიდი ხნის განმავლობაში მაკვირდებოდა. როდესაც კლუბის ბაზაზე პირველად მივედი, 15 წლამდე ნაკრებში ჩემ მიერ ჩატარებული მატჩების ვიდეოჩანაწერები მანახეს. ყველამ მიცნო. წარმოუდგენელია“, – ციტირებს ორიგის სიტყვებს ბრიტანული “დეილი მეილი”.
19 წლის ფეხბურთელმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა გრძნობები დაეუფლა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრებთან შეხვედრისას.
“შოკში ვიყავი. სტივენ ჯერარდმა მისაყვედურა, როგორც გელოდით, ისე სწრაფად არ მოხვედიო. დანიელ სტარიჯიც გავიცანი, ძალიან კარგი ბიჭია”, – აღნიშნა ორიგიმ.
დივოკ ორიგი საყოველთაო ყურადღების ცენტრში ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მოექცა. მან ბელგიის ნაკრების მიერ მუნდიალზე ჩატარებულ ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა. სწორედ მისი კინკილა გოლის წყალობით დაამარცხეს ბელგიელებმა რუსები. ორიგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახლავთ, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბურთი გაიტანა. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა ბელგიელი მოთამაშეა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.
რაც შეეხება საკლუბო დონეზე ასპარეზობას, მან საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.