დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
დღეს დინამო არენაზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა სკ სამტრედიას უმასპინძლა და საკმაოდ საინტერესო შეხვედრაში ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა მეტოქე.
შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის კაპიტნებმა- ჩისკო მუნიოსმა და მიხეილ მუჯრიშვილმა საქართველოს ეროვნული ჰიმნის თანხლებით, ჩვენი ქვეყნის დროშა აღმართეს. შემდეგ ჩვენი გუნდის კაპიტანი დააჯილდოვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალის გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს, განვლილი სეზონის ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად, დინამოს ესპანელი შემტევი- ჩისკო დასახელდა.
მატჩი ორივე გუნდმა საშუალო ტემპში დაიწყო. თამაში უფრო მეტად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, თუმცა ტაიმის შუაწელში ტერიტორიულ უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ და ეს უპირატესობა ფაქტიურად შეხვედრის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. უფრო თვალსასეირო ფეხბურთი მეორე ნახევრიდან გაჩაღდა. დინამოელებმა ტერიტორიული უპირატესობა სათამაშოშიც გარდასახეს და 55- ე წუთზე ძარია-პაპუნაშვილი-პაპავას ლამაზი კომბინაცია ჩისკომ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა- 1:0. მატჩის 74- ე წუთზე გიორგი ჩირგაძემ ზუსტი პასით გიორგი პაპუნაშვილი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა. დინამოს ახალგაზრდა შემტევმაც ანგარიში ორამდე გაზარდა. შეხვედრის ბოლო წუთებზე გიორგი გაბედავას შეეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ მატჩი თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
დინამო 2:0 სამტრედია
გოლები: 1:0 ჩისკო 55’ 2:0 პაპუნაშვილი 74’
გაფრთხილება: ცინცაძე 60’
დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, ცინცაძე, შერგელაშვილი (მჭედლიშვილი 59), გველესიანი, ჯანელიძე (ლობჟანიძე 55), პაპუნაშვილი, პაპავა, ძარია, ჩირგაძე, ჩისკო (პარუნაშვილი 65)
სამტრედია: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, თომაშვილი, გედენიძე, კაკუშაძე, კერძევაძე, ქებაძე (დათუნაიშვილი 70), მელქაძე, პავლიაშვილი (დოლიძე 53), გეწაძე, ქანთარია (გაბედავა 52)
მსაჯი: ჯენერი ხორავა
fcdinamo.ge