სტარტზეა 25-ე!
პარასკევს იწყება საქართველოს XXV ჩემპიონატი – ბოლნისში, ქუთაისსა და შევარდენზე თითო მატჩი გაიმართება.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველობა 1990 წლიდან ტარდება. ჩემპიონი სხვებზე მეტჯერ (9) ლოკომოტივი ყოფილა, ბოლო ორი სეზონი კი ლელო პირველობს.
წელს ჩემპიონატი სამ ლიგად ეწყობა.
უმაღლესში 10 გუნდია, პირველში – 8, ორ ზონად დაყოფილ რეგიონულში კი 12, რაც ჯამში გვაძლევს სარეკორდო შედეგს – 30 მონაწილეს.
გარდა ამისა, უმაღლეს ლიგას ჰყავს დუბლებიც.
სეზონი უწინდელზე ადრე იხსნება. ამისი მიზეზი “თბილისის კავკასიელების” ევროპული დებიუტია.
პირველი ტური სამ დღეს გაგრძელდება.
პარასკევს თითო თამაშია სამ სტადიონზე, შაბათ–კვირას კი მატჩები ავჭალაშია დანიშნული.
ჩემპიონი “ლელო სარასენსი” სეზონს ახალბედასთან, “თიბიეს უნივერსიტეტთან” შერკინებით გახსნის.
საგულისხმო სიახლეა ქუთაისში – აია ჯიქს უხვდება საკუთარ სტადიონზე, რომელსაც მშენებლებისგან სულ მალე ოფიციალურადაც ჩაიბარებს.
პირველი ტურის ლაივ–სქორი ტრადიციულად მოეწყობა ჩვენი საითის ტაბლოზე.
Rugby.GE