მარტვილის „მერანთან“ მომავალ პაექრობამდე
კვირას, ქუთაისის „ტორპედოს“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის მე-3 ტურში გასვლითი მატჩი აქვს, უფრო ზუსტად კი, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ჩვენს გუნდს მარტვილის „მერანი“ უმასპინძლებს. შეხვედრა უჩვეულო დროს, 17:15 საათზე დაიწყება.
გასულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასვლის შემდეგ მარტვილელთა შემადგენლობა საზაფხულო შესვენების დროს საკმაოდ შეიცვალა. გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტი 44 წლის უკრაინელმა ვლადიმერ ლობასმა დაიკავა. მისი ხელძღვანელობით „მერანმა“ საქართველოში გაიარა შეკრება და შევსება შემდეგი ახალწვეულებით მიიღო: სერგი ორბელაძე,დავით ბოლქვაძე(ორივე „დილადან“), ვაჟა ლომაშვილი(„ჩიხურადან“), აკაკი წყაროზია(„ვიტ ჯორჯიადან“), ბესიკ ჩიმაკაძე(„მეტალურგიდან“).
26-ე შიდა ჩემპიონატის დაწყებიდან ჩვენმა მომდევნო მეტოქემ სასტარტო მატჩები დათმო, პირველ ტურში „ვიტ ჯორჯიასთან“(0:2) და მეორე ტურში – „სპარტაკთან“(0:1), რომელშიც ბოლო წუთზე შეცდომის შედეგად გაშვებული პენალტით დამარცხდა. სხვათა შორის, წინა ჩემპიონატიდან მოყოლებული “მერანს” უმაღლეს ლიგაში ბოლო 8 მატჩი აქვს წაგებული. თუმცა 2 დღის წინ, სათასო გამოსვლა მათ წარმატებით დაიწყეს და ოზურგეთის „მერცხალთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით(4:1), პრაქტიკულად, გადაწყვიტეს ამ წყვილში შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედიც.
აქვე მარტვილის „მერანთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზეც მოგახსენებთ. სულ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 10 მატჩია გამართული, რომელთაგან 6 „ტორპედომ“ მოიგო, 3 – „მერანმა“, 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება ქუთაისელთა სასარგებლოდაა – 18:10.
ქვემოთ გთავაზობთ „მერანის“ წინააღმდეგ „ტორპედოს“ ყველა გატანილი გოლის ავტორებს.
2 გოლი – ნიკოლოზ საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, ოთარ კვერნაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი.
1 გოლი – რევაზ გოცირიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, ზაზა ჭელიძე, ირაკლი ლექვთაძე, მამუკა ღონღაძე, თენგიზ ჩიკვილაძე.
fctorpedo.ge