“ტორპედოს” პირველი მარცხი
24 აგვისტოს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრის რანგში სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრის დაწყებას წინ უძღვოდა წუთიერი დუმილი, რითაც გუნდებმა აწ უკვე განსვენებულ ქუთაისელ მწვრთნელ ბესიკ ბრეგაძის ხსოვნას მიაგეს პატივი. თამაში საშუალო ტემპში დაიწყო. პირველ ათ წუთში პირობითი მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ამ მონაკვეთში სასარგებლო მათ ვერაფერი მიიღეს. საზოგადოდ, დღევანდელ დუელში არაერთი გარდამტეხი მომენტი იყო, რომლის გახსენებაც შეიძლება. მათ შორის პირველი მე-12 წუთზე მოხდა: ტაბატაძემ მისივე ფლანგიდან ფიფიას მისამართით გაკეთებული გონივრული გადაცემით „მერანის“ დაცვა მთლიანად „მოჭრა“, თუმცა ტორპედოელმა ფორვარდმა სანტიმეტრებით ააცილა ახლო მანძილიდან კარს ბურთი და გატანის მაქსიმალურპროცენტიანი შანსიც გაანიავა. შესვენებამდე(და მის შემდეგაც) „ტორპედოს“ ბევრი ნახევარმომენტი შეექმნა, რომელთა მესამედი მაინც რომ გამოეყენებინა, ალბათ, ეს რაოდენობა თამაშის მოგებისთვის საკმარისი იქნებოდა. ბევრი ეპიზოდი იყო ისეთი, როცა ტორპედოელთა გადამწყვეტი პასები ჩაიჭრა. 30-ე წუთზე, ბობღიაშვილმა ჩიმაკაძეს მოუგერია რთული ბურთი, მალევე კი ამ უკანასკნელისთვის „კარგი საჩუქარი“ გამოუვიდა. ქრონოლოგიას არ დავარღვევთ და იქამდე კვერნაძე-ფიფიას კომბინაციაზე მოგახსენებთ, რის შემდეგაც ხელსაყრელი ადგილიდან პირველმა მათგანმა დაარტყა ოდნავ არაზუსტად. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ მომენტს, 36-ე წუთი მიმდინარეობდა, „მერანის“ ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩაწოდებულ ბურთზე ტორპედოელ მეკარეს უნდა ეთამაშა, მაგრამ გამოსვლისას იგი შეცდა და ბესიკ ჩიმაკაძემაც ცარიელ კარს დაუმიზნა – 1:0. მე-40 წუთზე, კვერნაძეს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, მარჯვენა მახვილი კუთხიდან მისმა დარტყმულმა ბურთმა შორეულ კუთხეს ახლოს ჩაუარა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელებმა შეტევითი ხაზი გააძლიერეს, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვლენები ცოტა არ იყოს მოულოდნელად განვითარდა. 47-ე წუთზე, ლამაზი გოლი ვიხილეთ, სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის კარში, ეს პაპუნა ფონიავას შორეულ დარტყმას მოჰყვა – 2:0. 58-ე წუთზე, რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილები „მერანის“ ერთ-ერთი მცველის მიერ მისივე გუნდის საჯარიმოში ხელით თამაშს აქტიურად აპელირებდნენ, მაგრამ მსაჯმა მომენტი უხმოდ გაატარა. შემდგომა ამისა, თამაში მთლიანად „ტორპედოს“ დომინირებით გაგრძელდა. ჩვენმა გუნდმა მარტვილელთა კართან ხანგრძლივი შტურმი მოაწყო, თუმცა ფეხბურთელებს ბოლო ფაზაში შედეგიანი დარტყმები აშკარად უჭირდათ. აი, რამდენ ტორპედოელს შეექმნა მეტ-ნაკლებად საგოლე მომენტი: ტუღუშს(ორჯერ), ბაბუნაშვილს(ორჯერ), ფიფიას, მარკოზაშვილს, კვერნაძესა და ორჯერ ჩიკვილაძეს(განსაკუთრებით მისი მომენტები იყო დასანანი). ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო „ტორპედო“ კიდევ ერთხელ დაისაჯა, 78-ე წუთზე, შულაიას პასით ბესიკ ჩიმაკაძემ შეასრულა დუბლი – 3:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ტორპედომ“ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, დასწრებაზე ზუსტი თამაშით თავი ოთარ კვერნაძემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც ასე დაფიქსირდა(3:1) და “ტორპედომ” ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო.
FCTorpedo.GE