17-წლამდელები დანიასთან პირველ ტესტ-მატჩში დამარცხდნენ
დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა დანიის 17-წლამდე ნაკრებთან.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის 66-ე წუთზე გავიდა და სწორედ, ამ გოლით იმარჯვეს ჩვენმა სტუმრებმა.
მატჩის პირველი ტაიმი სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა. დანიელებს რამდენჯერმე ჰქონდათ კარგი შანსიმ როცა ჩვენი მცველები სცოდავდნენ, თუმცა, ასპროცენტიან მომენტებამდე საქმე არ მისულა; ანაც მეკარე ჩოჩიშვილი თამაშობდა დამაჯერებლად. ტაიმის ბოლოს, ლამაზი ეპიზოდი შექმნა ვატო არველაძემ, როცა საჯარიმოს ხაზზე მან რამდენიმე ცრუ მოძრაობით მცველები დააბნია და კარშიც სახიფათოდ დაარტყა, თუმცა, ბურთი კარს სულ მცირედით ასცდა. ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრები აშკარად გამოცოცხლებული გამოვიდა მოედანზე და ეს გახშირებულ შეტევებშიც აისახა. ჯერ მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ბუღრიძემ ვერ აჯობა დანიელთა კიპერს; შემდეგ კვლავ ჰქონდათ მომენტები არველაძესა და ბუღრიძეს. 66-ე წუთზე კი, ბურთი ჩვენს კარში მივიღეთ. საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ანდერს დრეიერმა და ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ, რეალური საგოლე მომენტი აღარ გვქონია და მატჩიც 0:1 დასრულდა.
საქართველო U17 vs დანიაU17 0:1 (0:0) ამხ.
საქართველო U17: ჩოჩიშვილი, ჭურაძე (ბერძენაძე 75), ყურშავიშვილი (კაპ), ლოჩოშვილი, ბუღაძე (ბულუხაძე 80), ყურაშვილი, კუხიანიძე, ვ.არველაძე (ჯამარაული 68), ბუღრიძე (ფოჩხუა 62), არაბიძე (ლეჟავა 48), მალაზონია (მუზაშვილი 48)
მთ.მწვრთნელი – გოჩა ტყებუჩავა
დანიაU17: მიკელსენი, ბუური, კუროვიჩი, შულცი, რივჟიჩი (არნდალ-ლაურიტსენი 57), მუკოლი, კრისტენსენი (კაპ), რამკილდე (იაკობსენი 52), როკიაერი (კირკი 51), ლარსენი, ვანგი (დრეიერი 41)
მთ.მწვრთნელი – იან მიქაელსენი
გოლი: დრეიერი (66)
მთ.მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
28 აგვისტოს, გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი კვლავ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება და17:30 წუთზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
სფფ-ის პრესსამსახური