რაგბის საერთაშორისო საბჭო სახელს იცვლის – აწი მას ‘მსოფლიო რაგბი’ ერქმევა
რებრენდინგის მსხვილმასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 19 ნოემბერს რაგბის საერთაშორისო საბჭო შეიცვლის სახელწოდებას და გახდება „მსოფლიო რაგბი“.
ახალი ბრენდისა და, შსაბამისად, ახალი ლოგოს გამოქვეყნება მოხდება მსოფლიო სარაგბო კონფერენცია-გამოფენაზე ლონდონში, ამა წლის ნოემბერში.
ბოლო 4 წლის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით რეგისტრირებულ მორაგბეთა რიცხვმა ორი მილიონით იმატა, ახლა რაგბის სულ 6.6 მილიონი ადამიანი თამაშობს, რასაც ხელი შეუწყო რაგბის მსოფლიო თასის კომერციულმა წარმატებამ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების სტრატეგიებმა და სარეკორდო მსვილმა ინვესტიციებმა, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების რაგბის კავშირების აქტიურმა მუშაობამ და რაგბის ოლიმპიურ თამაშებში დაბრუნებამ.
რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭოს მხრიდან ბრენდის განახლება ასახავს ორგანიზაციის მისიას: არსებულ გულშემატკივრებთან და მოთამაშეებთან კავშირის განმტკიცება, სარაგბო გეოგრაფიის შემდგომი გაფართოება.
რებრენდინგი გავლენას არ მოახდენს 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბრენდზე და პრომო-კამპანიაზე.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე: „რაგბი აგრძელებს განვითარებას, წინსვლას და თამაშში ახალი მონაწილეების ჩაბმას; ამ პროცესის მამოძრავებელი ცენტრი სწორედ რაგბის საერთაშორისო საბჭოა.“
„ჩვენ კვლავაც ვაპირებთ განვითარების პროცესის ხელშეწყობას და ტრადიციულ სარაგბო ოჯახში ახალი წევრების მიღებას; წინ გველოდება ახალი პუბლიკა, რომელსაც უნდა შევთავაზოთ სანახაობა, ინფორმაცია და ორმხრივი ურთიერთობა. ახლა ჩვენ მხოლოდ სახელს კი არ ვიცვლით, საკუთარ რაობას განვმარტავთ.“
რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ გოსპერი: „გართობისა და სპორტის ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, რაგბის საერთაშორისო საბჭო გვევლინება არა მხოლოდ როგორც მარეგულირებელი ორგანო, არამედ როგორც რაგბის განვითარების მამოძრავებელი ძალა.“
„შესაბამისად, ჩვენ სწორება უნდა ავიღოთ იმ ადამიანებზე, ვინც იცნობს რაგბის და მის ფასეულობებს, მაგრამ ასევე ვიმუშავოთ რაგბიში სხვადასხვა ქვეყნის და კულტურული გარემოს წარმომადგენლების მოზიდვაზე, რომლებსაც ამჟამად სპორტთან კავშირი ჯერ არ გააჩნიათ.“
„მსოფლიო რაგბის გააჩნია ამისთვის საჭირო პოტენციალი. რაგბი შესანიშნავი პედაგოგიური სისტემაა, იგი გამოირჩევა უნიკალური ეთიკითა და ფასეულობებით – სწორედ ამას ემყარება მისი პოპულარობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი სურვილია რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი ვაზიაროთ ამ თამაშს.“
„სახელწოდება „მსოფლიო რაგბი“ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთავს ჩვენი ორგანიზაციის მისიას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით რაგბის გულშმატკივართა რაოდენობის შემდგომ ზრდას.“
Rugby.Ge