ირლანდიამ საქართველო ბოლო წუთზე გატეხა
“დინამო არენაზე” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა.
თემურ ქეცბაიამ პირველივე წუთებიდან თამაში მეორე ნომრად არჩია. საქართველოს ნაკრებმა აქცენტი ძლიერ უკანა ხაზზე გააკეთა და სასტარტოში მოედანზე სამი ცენტრალური მცველი, ხუბუტია, კვერკველია და გურამ კაშია იყვნენ, რომლებსაც ფლანგებიდან კვირკველია და ლობჟანიძე ეხმარებოდნენ.
მატჩი ირლადნიელთა სახიფათო შეტევით დაიწყო. ჯონ უოლტერსის სწრაფ გარღვევას კუთხური მოჰყვა, რომელსაც განსაკუთრებული ხითაფი არ მოჰყოლია. მე-12 წუთზე სტუმრებს სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება მიეცათ. თუმცა, ქუინის ჩაწოდება ლორიას იოლი ნადავლი გახდა. ირლანდიელთა შემდეგ შეტევაში მეკარესთან პირისპირ რობი კინი რჩებოდა. ლორიამ აქაც დროულად დატოვა კარი და ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ მოიგერია.
საქართველოს ნაკრებმა სტუმართა აქტიურ სტარტს გაუძლო და 21-ე წუთზე პირველი მომენტიც შექმნა. გელაშვილის დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ანანიძის ჩაწოდების შემდეგ გატანის შანსი კიდევ ერთხელ იყო, თუმცა ჯანოს გადაცემას შეტევაში ჩართული ქართველი მცველები ვერ შეწვდნენ. ირლანდიელებმა საპასუხო შეტევაში მოახერხეს ანგარიშის გახსნა. ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩენილ ეიდენ მაკგიდის გატანა არ გასჭირვებია – 0:1.
33-ე წუთზე კარში კანკავამ დაარტყა. კაპიტნის მცდელობა საკმაოდ სუსტი იყო და სტუმართა მეკარეს მისი მოგერიება არ გასჭირვებია. 5 წუთში კი ფორდი უძლური იყო. ოქრიაშვილის ულამაზესმა დარტყმამ მიზანს მიაღწია – 1:1.
მეორე ტაიმის დებიუტში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება მოხდა. ტრავმირებული გიორგი ლორიას ნაცვლად მასპინძელთა კარში ადგილი როინ კვასხვაძემ დაიკავა. როგორც შემდეგ გაირკვა, ლორიას ერთ-ერთ ეპიზოდში ირლანდიელ ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ ნეკნი დაუზიანდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო. 52-ე წუთზე ოქრიაშვილის სახიფათო დარტყმას ირლანდიელები გადაეღობნენ. მალევე ანანიძემ გააკეთა კარგი გამჭოლი გადაცემა, თუმცა დევიდ ფორდი ამ ეპიზოდშიც დამაჯერებელი იყო.
54-ზე უკვე ირლანდიელები უტევდნენ სახიფათოდ. ვითარების განმუხტვა ზუსტი თამაშით კვერკველიამ შესძლო. მოგვიანებით ეიდენ მაკგიდის დუბლის შესრულების შანსი მიეცა. ირლანდიელთა 7 ნომრის სახიფათო საჯარიმო მასპინძელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.
67-ე წუთზე ჯანო ანანიძის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა თარგამაძემ იაქტიურა, თუმცა მისი დარტყმა ძალიან სუსტი გამოდგა. ამის შემდეგ ქეცბაიას შეგირდებმა ტერიოტრიული უპირატესობის მოპოვება შესძლეს. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ბურთს სწორედ ქართველები აკონტროლებდნენ და რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო იერიშიც განახორციელეს.
გატანა ირლანდიელებსაც შეეძლოთ. სტუმართა შემადგენლობაში ყველაზე აქტიური ეიდენ მაკგიდი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მისი მცდელობა ამჯერად უშედეგო გამოდგა.
შეხვედრის ბედი დაკსვნით მონაკვეთში გადაწყდა. მატჩის ბოლო წუთები ირლანდიელთა კარნახით წარიმართა, რაც 90-ე წუთზე ეიდენ მაკგიდის გოლით დასრულდა. ირლანდიელმა დუბლი გიაფორმა და საქართველოს ნაკრები სასტარტო მატჩში უქულოდ დატოვა.
ევრო-2016 (საკვალიფიკაციო ეტაპი)
საქართველო — ირლანდია 1:2 (1:1)
საქართველო: ლორია (კვასხვაძე 46′), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ხუბუტია, კვირკველია, კანკავა, დაუშვილი, ანანიძე (თარგამაძე 63′), ოქრიაშვილი (მჭედლიძე 88′), გელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ირლანდია: ფორდი, კოულმენი, ოში, უილსონი, უორდი, მაკკარტი (მეილერი 90+1′), კუინი (ბრედი 76′), უოლტერსი, უილანი, მაკგიდი, კინი (ლონგი 76′).
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი.
გოლები: ოქრიაშვილი 38′ — მაკგიდი 24′ 90.
გაფრთხილებები: კვირკველია 36′, ხუბუტია 48′, დაუშვილი 83′ — უოლტერსი 36′.
მთავარი მსაჯი: კევინ ბლომი (ჰოლანდია).
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები