11 სექტემბერი დინამოს ისტორიაში
ხუთშაბათს 11 სექტემბერს, რუსთავში ფოლადის სტადიონი ეროვნული პირველობის მეოთხე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს. რუსთავის მეტალურგი დინამო თბილისს დაუპირისპირდება.
11 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური თამაში აქვს გამართული. 7 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი მატჩი წააგეს დინამოელებმა და ერთხელაც დაუზავდნენ მეტოქეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 19/6 მტკვრისპირელთა სასარგებლოდ.
1952 წელს დინამო მოსკოვის ლოკომოტივთან დამარცხდა 1:2. გოლი ჭკუასელმა გაიტანა. 1963 წელს ლენინგრადში ზენიტთან მატჩი ფრედ 2:2 მორჩა. კალოევმა გაუტანა ზენიტელებს, ერთი გოლი კი ზავოდნოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 1982 წელს დინამომ დნეპროპეტროვსკელებს 3:1 აჯობა. ცაავამ, ჩივაძემ და დარასელიამ გაუტანეს დნეპრს. ოთხი წლის შემდეგ სულაქველიძის და ჩელებაძის გოლებით დინამომ ალმა ატის კაირათს 2:0 მოუგო.
1992 წელს თბილისელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობეს ზუგდიდის ოდიშს. გოლი რეზო არველაძის ანგარიშზეა. 1999 წელს იმავე ანგარიშით ვიმარჯვეთ ვიტ ჯორჯიასთან. რატი ალექსიძემ ითამაშა შედეგიანად. 2002 წელს დარასელიამ და ანჩაბაძემ გამოიჩინეს თავი. დინამომ ბოლნისის სიონს 2:0 მოუგო. ორი წლის შემდეგ მტკვრისპირელებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს ფოთის კოლხეთს. გოლები კვირკველიამ, კაკალაძემ, გონჩაროვმა და მელქაძემ გაიტანეს. 2010 წელს ისევ ფოთის კოლხეთი და გამარჯვება 3:1. ხმალაძე, კოშკაძე და მუჯირი შედეგიანი დარტყმების ავტორები.
FCDinamo.Ge