ვან პერსი: “ჰიდინკი მწვრთნელი არ არის”
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიის ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო. გუს ჰიდინკის გუნდი ჩეხეთში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ანგარიში ჩეხმა ნახევარმცველმა ბორჟეკ დოჩკალმა 21-ე წუთზე გახსნა. 55-ე წუთზე ჰოლანდიელმა მცველმა სტეფან დე ვრეიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა ვაცლავ პილარჟმა გაიტანა და ჩეხეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა.
მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა.
“ჰიდინკი მწვრთნელი არ არის. დამამცირებელი მარცხი ვიწვნიეთ. მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:1 გახდა, ვიფიქრე, რომ მოგება შეგვეძლო. დაწინაურების რამდენიმე შანსიც გვქონდა, თუმცა ბოლო წუთზე გოლი აქეთ გავუშვით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა “დე ტელეგრააფი”.
ეს შეხვედრა გუს ჰიდინკისთვის ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური მატჩი იყო. 67 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოზიციაზე ლუი ვან გაალი შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ჰიდინკი “ნარინჯისფერთა” მთავარ გუნდს 1994–1998 წლებშიც თავკაცობდა.
ჰოლანდიის ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს 10 ოქტომბერს, შინ გამართავს. ჰიდინკის გუნდი ყაზახეთის ნაკრებს მიღებს, რომელიც თავის მხრივ, ლატვიის ეროვნულ გუნდს უგოლოდ დაშორდა.