დინამომ შუქურა გაანადგურა
“დინამო არენაზე” თბილისის “დინამომ” უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის გადატანილ შეხვედრაში ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
თამაში პირველივვე წუთებიდან “დინამოს” შეტევებით დაიწყო. მე-7 წუთზე პარუნაშვილის გარღვევას პაპუნაშვილის სახიფათო დარტყმა მოყვა, რომელიც აზამატ ჯიოევმა ლამაზ ნახტომში მოიგერია.
მე-14 წუთზე გატანა “შუქურას” შეეძლო. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თუხარელმა მიგინეიშვილს ვერ აჯობა. სტუმრებმა შეტევა ფლანგიდან გააგრძელეს და საბოლოოდ მხოლოდ კუთხურით დაკმაყოფილდნენ.
24-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. პაპუნაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრში ჩაჭრა და კარგი გადაცემით საბანაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია – 1:0.
მალევე საბანაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ლობჟანიძის კარგი გარღვევის შემდეგ მოვლენებს დაასწრო და თამაშგარეში აღმოჩნდა.
36-ე წუთზე “დინამოელთა” შემტევმა მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა. საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ზუსტი დარტყმით დალაშქრა ჯიოევის კარი.
მე-40 წუთზე საბა ლოჟანიძის ჯერი დადგა. მარცხენა ფლანგიდან განხორციელებული გარღვევა “დინამოს” 22-მა ნომერმა შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა.
ტაიმის ბოლო წუთზე “დინამომ” მეოთხე გოლის გატანა მოახერხა. ლობჟანიძის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა პაპუნაშვილმა გააგრძელა, რომელმაც ცარიელი კარის წინ მდგომ შერგელაშვილს გადააწოდა და 4-0.
მეორე ნახევარიც მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველ 10 წუთში პაპუნაშვილის აქტიურობას სამი მომენტი მოჰყვა, თუმცა სამივე შემთხვევაში მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
“შუქურას” რამდენიმე სტანდარტის შემდეგ “დინამომ” კიდევ ერთი მომენტი შექმნა. ჯიოევთან პირისპირ ლობჟანიძე გავიდა და გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.
62-ე წუთზე ქობულეთელებს შეხვედრის ყველაზე რეალური მომენტი შეექმნათ. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე საჯარიმოში ყველას მეტრეველმა დაასწრო. “შუქურას” შემტევს მიგინეიშვილმა ტრავმის ფასად არ გაატანინა, რის გამოც შესაცვლელი გახდა. მეტიც, “დინამოს” მეკარის ტრავმა, სავარაუდოდ, სერიოზულია, რადგანაც სტადიონის ტერიტორია მიგინეიშვილმა სასწრაფო დახმარების მანქანის მეშვეობით დატოვა.
71-ე წუთზე ანგარიში 5-0 გახდა. პაპუნაშვილმა შორიდან ძლიერად დაარტყა და ჯიოევის უხეში შეცდომის წყალობით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
81-ზე “დინამომ” კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მეკარესთან პირისპირ სამი ფეხბურთელი გავიდა. პარუნაშვილი-ჩირგაძის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
დარჩენილ დროში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. “დინამომ” რუსთავში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, “შუქურამ” კი სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
დინამო 6-0 შუქურა
გოლები: საბანაძე 23′ ; 35′ ; ლობჟანიძე 39′ ; შერგელაშვილი 45′ ; პაპუნაშვილი 70′ ; ჩირგაძე 81′
დიინამო: მიგინეიშვილი (დაუშვილი 68′), თოთაძე, ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, საბანაძე (ჩირგაძე 55′), პარუნაშვილი, პაპავა, ლობჟანიძე, შერგელაშვილი, ძარია (კაკაბაძე 61′).
სათადარიგოები: მჭედლისვილი, ჯანელიძე, ზივზივაძე, ჯიქია
მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე, ბერუაშვილი, ხოჭოლავა, გურული, ლობე (კალანდაძე 31′), კუტალია (მეტრეველი 37′), კუხიანიძე, თუხარელი (ცოტნე მესხი 46′), ჩაფიძე, ჩელებაძე.
სათადარიგოები: კაკალაძე, ტაკიძე, კომახიძე, ტუღუში
მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები