“ტორპედო” – “ვიტ ჯორჯია” 1:0
16 სექტემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადადებული მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ სტადიონზე თბილისის „ვიტ ჯორჯია“ მიიღო.
ძირითადად მზიან ამინდში მიმდინარე საინტერესო შეხვედრის დებიუტი ქუთაისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის განმავლობაში „ცენტრალურის“ ტრიბუნებზე შეკრებილები საკმაოდ ხშირად ხმაურობდნენ, რაც უმეტესად „ტორპედოს“ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტებით იყო გამოწვეული. უკვე მე-2 წუთზე მასპინძელთა სწრაფი გადასვლა მეტოქის ნახევარზე ტუღუშის კარში დარტყმით ბოლოვდებოდა, რომ არა ერთ-ერთი ოპონენტი მცველი, რომლისგანაც კუთხურზე გადავიდა ბურთი. აქედან ერთ წუთში ჩიკვილაძემ ზედიზედ მეორე კუთხური მოაწოდა, კართან ახლოს ყველას კვერნაძემ დაასწრო, მაგრამ თავით მიზანში ვერ მოარტყა. მე-17 წუთზე, ისევ კვერნაძე შევიდა სტუმართა საჯარიმოში მარჯვენა კუთხიდან და ამჯერად მეკარეს ვერ აჯობა. 34-ე წუთზე, ვიტელთა საჯარიმოში მყოფმა ტუღუშმა აკრობატული დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ შეროზიამ რთული ბურთი მოიგერია. საწინააღმდეგო კართან შექმნილ ეპიზოდებზეც რომ ვთქვათ, 45 წუთი ისე მიიწურა, რომ ტორპედოელ მეკარეს სერიოზული საქმე არ მისცემია, რადგან სტუმართა 2-3 დარტყმით ბურთი „მართკუთხედის“ მიღმა წავიდა. ყველაზე მაღალპროცენტიანი შანსი გეთიაშვილს ჰქონდა, რომელმაც ვარდნაში 4-5 მეტრიდან ააცილა კარს.
15-წუთიანი შესვენების შემდეგ პირველი 20 წუთი არაფრით იყო გამორჩეული. თითქოს, სტუმრები უფრო გააქტიურდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ბურთის ფლობაში ჩანდა. 66-ე წუთზე, ტაბატაძემ მისივე ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი, რომელსაც თავით ჩადუნელი გამოეხმაურა და მას სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გახსნამდე. 77-ე წუთზე, ბონდარენკოს მიერ შესრულებული საჯარიმოთი ბურთი მეკარემ დაიმორჩილა ხელებში. აქედან წამებში, ჩიკვილაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით შეაზანზარა ხარიხა. თამაშის ფინალი მეტად დაძაბული გამოდგა, ამან ფეხბურთელებზეც ზედმეტად ემოციურად იმოქმედა, რისთვისაც მათ მთავარი მსაჯისგან ყვითელი ბარათები მიიღეს. „ტორპედო“ ფრეს არ ეგუებოდა და რისკზეც გადავიდა. თამაშის კულმინაცია 88-ე წუთზე იყო, როცა ფიფიამ ცრუ მოძრაობების შემდეგ კარის გასწვრივ ჩასაწოდებლად არეალი გაითავისუფლა, ჩააწოდა და… ჩვენი გუნდის მიერ მეტოქის კარში განხორციელებულმა მე-9 დარტყმამ შედეგი გამოიღო. 19 წლის უკრაინელი ვალერი ბონდარენკო საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ლამაზი თავური დარტყმით იგი მისი პირველი ქუთაისური მატჩის გამარჯვების გოლის ავტორი და ამასთან, საუკეთესო მოთამაშეც გახდა. არბიტრის საბოლოო სასტვენმა ჩემპიონატში ქუთათურების 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა – 1:0.
FCTorpedo.Ge