თბილისის კავკასიელების სატურნირო რაზმი
20 სექტემბერს შედგება ქართული რაგბის ევროპული საკლუბო დებიუტი – 2014/15 წლის ჩელნჯ ქაპის გათამაშების საკვალიფიკაციო პლეიოფის პირველ მატჩში, რაგბი როვიგო დელტა თბილისის კავკასიელებს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
მატჩიდან ერთი კვირის თავზე, 27 სექტემბერს საპასუხო შეხვედრაში კავკასიელები იტალიელებს თბილისში უმასპინძლებენ.
შეხვედრა ‘ავჭალის სარაგბო სტადიონზე’ 17:00 საათზე გაიამრთება. მატჩის მიმართ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, იდეალური იქნებოდა შეხვედრის დიდ სტადიონზე გამართვა, მაგრამ ამ დროს დედაქალაქის ორივე დიდი არენა დაკავებულია და ამიტომ საპლეიოფო რაუნდის საშინაო რკენის გამართვა ზემოხსენებულ ავჭალის სარაგბო სტადიონზე გადაწყდა (ასევე იხილეთ: თბილისის კავკასიელები – სტადიონი და ბილეთის ფასი ცნობილია).
ტრანსლაცია
იტალიაში გასამართ მატჩთან დაკავშირებით, მასპინძელმა კლუბმა და იტალიის რაგბის ფედერაციის წარმოადგენლებმა სამწუხაროდ გვაცნობეს, რომ ტელე-ტრანსლაცია არ განხორციელდება. როგორც როვიგოს მედია სამსახურმა გვითხრა, ისინი ეცდებიან ინტერნეტ სთრიმის გამართვას, მაგრამ ეს ჯერ სათუოა. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სთრიმის ბმულს იმავდროულად მოგაწვდით, რომელიც განთავსდება საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე და ოფიციალურ სოც. მედია პლათფორმებზე (https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion, https://twitter.com/GeorgianRugby).
თუ იტალიური მხარე ვერ მოახერხებს სთრიმის გამართვას, მატჩის ტექსტურ ლაივი იწარმოებს რაგბი როვიგო დელტას თვითერის გვერდზე (https://twitter.com/RugbyRovigoDelt) და რაგბის კავშირის ზემოხსენებულ სოც. მედია პლატფორმებზე.
თბილისში, 27 სექტემბერს გასამართ საპასუხო მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშორებით, ჩელენჯ ქაპის სატელევიზიო უფლებების მფლობელ კომპანია IMG ჯგუფთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვიმედოვნებთ, რომ ახნიშნული მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება და 27 სექტემბერს ავჭალის სტადიონიდან პირდაპირი ეთერში იწარმოებს თბილისის კავკასიელებისა და რაგბი როვიგო დელტას მატჩის ტრანსლაცია.
იტალიაში გამგზავრებამდე
თბილისის კავკასიელები იტალიაში ხვალ მიემგზავრებიან. დღეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და გიორგი ნიჟარაძემ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც დასახელდა თბილისის კავკასიელების სატურნირო (26 კაციანი) შემადგენლობა და მოხდა სათამაშო კვართების პრეზენტაცია.
ლევან მაისაშვილი: “თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, რომ “როვიგოსთან” თამაშისთვის მოსამზადებლად 2 კვირა გვექნებოდა. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა, მაგრამ ასეთი პრობლემები ნებისმიერ გუნდს ექმნება. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავდა, რომელთაგან ის 26 შევარჩიეთ, რომლებიც იტალიაში მიემგზავრებიან. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არა მგონია 27-ის მატჩისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, შეზღუდულები არ ვართ და იტალიაში თამაშის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ.
“ლოკომოტივთან” თამაშმა გვაჩვენა, თუ რაზე უნდა გვემუშავა. გარდა ამისა, გვაქვს “როვიგოს” ბოლო მატჩის ვიდეოჩანაწერი და მეტოქეზე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა. ისინი თანაბრად ძლიერები არიან როგორც სწრაფ, გაშლილ თამაშში, ასევე შეჯგუფებებსა და ძალისმიერ დაპირისპირებებში. იტალიაში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს და ვნახოთ რა გამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.
“როვიგოს” დიდი ტრადიცია აქვს და რაც მთავარია, შეკრული კლუბია, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევს. ამ ქალაქში ორჯერ ვარ ნამყოფი და ძლიერი გულშემატკივართა კლუბი ყავს. გუნდი კარგადაა შეთამაშებული. მთავარია შევძლოთ და ვრჯიშებზე ნამუშევარი მოედანზე სწორედ გადავიტანოთ და არც ჩვენ ვართ სუსტები. გუნდის კაპიტანი გიორგი კაჭარავა, ან ლაშა ხმალაძე იქნება და ამას თავად გუნდი გადაწყვეტს”.
გიორგი ნიჟარაძე: “ინფორმაციული ვაკუუმი იმდენად დიდია, რომ ახლაც არ ვიცით რა მოხდება თუ თამაშები თანაბარი ქულების სხვაობით დასრულდება. ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე – რა კრიტერიუმებს მიენიჭება უპირატესობა თანაბარ სიტუაციაში. ვიცოდით, რომ “როვიგოსთან” მარცხის შემთხვევაში მესამე დონის გუნდებთან უნდა გვეთამაშა და ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონში 8 საერთაშორისო მატჩის ჩატარება მოგვიწევდა. ამისათვის, ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში ცვლილებები განვახორციელეთ და სპეციალური ფანჯრები გამოვყავით, მაგრამ ახლა გადაწყდა, რომ წელს მესამე დონის ტურნირი საერთოდ აღარ გაიმართება.
„პრობლემები შეგვექმნა შემადგენლობის მხრივაც. რადგან ევროთასების მატჩები 7-კაცა რაგბის ევროპის გრან პრის ორ ეტაპს დაემთხვა, მოთამაშეთა გაყოფა მოგვიწია. გიორგი შკინინი და ბექა წიკლაური მანჩესტერის ეტაპის შემდეგ “თბილისის კავკასიელებს” შეუერთდა, მაგრამ 7-კაცაში კიდევ დარჩნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც “კავკასიელების” შემადგენლობაშიც მოიაზრებოდნენ. ვერ ვიშოვეთ სპონსორი, რადგან ინფორმაციული ვაკუუმის ფონზე ვერავის ავუხსენით რამდენ თამაშს ჩავატარებდით სეზონში.
„შემადგენლობაში ვერ მოხვდა ირაკლი მაჩხანელი. დავით ვართანიანის გარდაცვალების ფონზე, “არმაზის” მზადების მთელი სიმძიმე სწორედ მას დააწვა.
„განმეორებით შეხვედრას “ავჭალის” სტადიონზე ვატარებთ, იმიტომ, რომ 27 სექტემბერს “მიხეილ მესხის” და “დინამო არენა” არენები დაკავებულია.
“ჩელენჯ ქაფის” მატჩების, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების ტელეტრანსლიაციის უფლება ერთ-ერთ კომპანია IMG ჯგუფს ეკუთვნის და ქართული მხარე მასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა და არ ვიცით იქნება თუ არა თუნდაც თბილისური მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლიაცია. თუ წელს “როვიგო” ვერ დავამარცხეთ, გაისად პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპში ჩავერთვებით. გაისად მესამე დონის ტურნირის ჩატარება იგეგმება, მაგრამ ჯერ არავინ იცის ეს როგორ მოხერხდება. მოგეხსენებათ, 2015 წელი მსოფლიო თასის წელია და თუ ეს ტურნირი მაინც ჩატარდება, იქ ნაკრების მოთამაშეების გარეშე მოგვიწევს გამოსვლა”.
Rugby.Ge