დინამომ კოლხეთი დაამარცხა
დღეს, დინამო არენაზე უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის დასკვნით შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრა ნელ ტემპში, მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. სასტარტო წუთებში ხიფათი მხოლოდ სტანდარტულებიდან იქმნებოდა, თუმცა სეფიაშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
“კოლხეთმა” თამაში კონტრშეტევებზე ააგო და პირველი სახიფათო იერიში მე-14 წუთზე განახორციელა. მარცხენა ფლანგზე ქორჩილავას სწრაფ გარღვევას მწვავე ჩაწოდება მოჰყვა, რომელიც თოთაძემ მოიგერია. 21-ე წუთზე ფოთელებმა პირველი დარტყმაც განახორციელეს. ჯიქიას მცდელობა დაუშვილმა, რომელიც თბილისელთა კარს მიგინეიშვილის ტრავმის გამო იცავდა, კუთხურზე მოიგერია.
“დინამო” შეტევაში ხიფათს ტრადიციულად პაპუნაშვილი-პარუნაშვილის ხარჯზე ქმნიდა. 25-ე წუთზე სწორედ ამ დუეტის ეფექტური თამაშის შემდეგ გატანის შანსი ლობჟანიძეს მიეცა, თუმცა ახალგაზრდა დინამოელის დარტყმა სუსტი და არაზუსტი აღმოჩნდა.
29-ე წუთზე მასპიძნლებმა ანგარიში გახსნეს. პაპუნაშვილის რეიდს “კოლხეთის” საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რომლის შედეგად ბურთი ნიკა საბანაძეს მიუვიდა, თუმცა ფორვარდმა ბურთის დამორჩილება ვერ შესძლო. შეტევა მეორე ტემპით გაგრძელდა. საჯარიმოს გარედან ცინცაძის დარტყმას ფეხი იმავე საბანაძემ დაუხვედრა და “დინამოც” დაწინაურდა – 1:0.
გატანილი გოლის შემდეგ თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა. მორიგი სახიფათო მომენტი 44-ე წუთზე შეიქმნა და კვლავ პაპუნაშვილის აქტიურობას მოჰყვა. “დინამოს” რვიანის დარტყმა კარს მცირე მანძლით ასცდა.
კომპენსირებულ წუთებში გატანის შანსი “კოლხეთს” მიეცა. მოედნის ცენტრში თოთაძის არაზუსტი პასის შემდეგ კარისკენ შოთა ჯიქია დაიძრა, თუმცა დარტყმა ჭანტურიას დამაჯერებელი თამაშის გამო ვერ შესძლო.
მეორე ნახევარის პირველივე წუთებზე “კოლხეთის” ფეხბურთელებს სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება მიეცათ, მაგრამ გუგუჩიას ჩაწოდება უხეირო გამოდგა. მომენტი “დინამოსაც” შეექმნა. შეტევაში ჩართული შერგელაშვილი ძლიერად, მაგრამ არაზუსტად ურტყამდა.
59-ე წუთზე “კოლხეთმა” სწრაფი შეტევა განახორციელა. დასარტყმელ პოზიცია ლუკა გუგუჩია აღმოჩნდა, რომელსაც გატანა არ გასჭივებია და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1.
გაშვებულის გოლის შემდეგ “დინამო” გააქტიურდა. პირველივე შეტევაში გოლის გატანას პაპუნაშვილი ცდილობდა. მის ძლიერ დარტყმას სეფიაშვილი გაჭირვებით დაეუფლა. რამდენიმე სახიფათო შეტევა ფოთელებმაც განახორციელეს.
66-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე ძარია გავიდა. “დინამოს” კაპიტნის მცდელობა არაზუსტი იყო. მალევე თბილისელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე ცინცაძის პასის შემდეგ საჯარიმოში ბურთი ჩირგაძემ მიიღო და საკმაოდ ეფექტური გოლიც გაიტანა – 2:1.
83-ე წუთზე “დინამოს” მესამე გოლის გატანა შეეძლო. მეკარესთან პირისპირ შერგელაშვილი აღმოჩნდა, თუმცა მცველმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
დარჩენილ დროში მოედანზე არაფერი აღარ შეცვლილა და თბილისელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს.
დინამო თბილისი 2-1 კოლხეთი
გოლები: საბანაძე 29′ (1:0); გუგუჩია 59′ (1:1); ჩირგაძე 72′ (2:1)
დინამო თბილისი: დაუშვილი, თოთაძე, ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნშვილი, საბანაძე (ჯიქია 84′), პაპავა, პარუნაშვილი (მჭედლიშვილი 90′), ლობჟანიძე (ჩირგაძე 59′), შერგელაშვილი, ძარია
სათადარიგოები: კულუა, კაკაბაძე, ზივზივაძე, საჯაია.
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თვზაძე, ლემონჯავა, გუგუჩია, ჯიქია, ჟიშკარიანი (სიჭინავა დ. 57′), ამბროლაძე, ქორჩილავა (კაკულია 81′), ბარამიძე (სიჭინავა ნ. 76′).
სათადარიგოები: ძაგანია, ნევუჩე, გუგუშვილი, კაკულია თ.
მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები