“სამტრედია” – “ტორპედო” 0:1
21 სექტემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩები შედგა. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ დაუპირისპირდა.
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ იმერულ დერბიზე ანშლაგი იყო. ტრიბუნებზე მყოფ 2 500-მდე გულშემატკივართა შორის საკმაოდ ბევრი ქუთაისელი ქომაგიც გახლდათ, რომლებიც ხშირი შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. „ტორპედო“ მატჩს დანაკლისით შეხვდა – კაპიტანი თენგიზ ჩიკვილაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ეხმარებოდა თანაგუნდელებს. მის მაგივრად გუნდს ტრავმამოშუშებულმა ვალერი აბრამიძემ უკაპიტნა. „ტორპედოს“ რიგებში დებიუტი ჰქონდა უკრაინელ ილია დრევალს. 18 წლის ახალწვეულმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.
შეხვედრის პირველი ტაიმი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა. ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებული „სამტრედია“ ყველა სათამაშო კომპონენტში ფლობდა უპირატესობას, თუმცა ბოლო ფაზაში მასპინძელ ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. საწყის 25 წუთში მარტო ბეჭვაიასა და გეწაძის მომენტებს თუ დავაჯამებთ, ისინი 6-ჯერ იყვნენ ახლოს ანგარიშის გახსნასთან. შემდეგ თითოჯერ მელქაძეს, ბაკურაძესა და კაკუბავასაც შეეძლოთ მათი გუნდის დაწინაურება, მაგრამ არარეალიზებულ შეტევებში მთავარი „დამნაშავე“ მეკარე თებიძე იყო, რომელსაც ზედიზედ მესამე თამაშია გოლი არ გაუშვია. „სამტრედიას“ მასირებული იერიშების ფონზე იყო მოლოდინი, რომ „ტორპედო“ დიდხანს ვეღარ შეინახავდა კარს „მშრალად“ და ქუთაისელთათვის უკეთეს შემთხვევაში კი ფრეს მიაღწევდა, თუმცა წინ მეორე ტაიმი იყო…
მატჩის დასკვნითი მეორედი პირველისგან განსხვავებული გამოდგა. თამაში გათანაბრდა და „ტორპედოც“ გაცილებით უფრო გამოცოცხლდა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები შეექმნათ ბონდარენკოს, აბრამიძესა და ჩაკვეტაძეს, მაგრამ ყველა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა. შიგადაშიგ პასუხობდნენ სამტრედიელებიც, მელქაძემ და ქანთარიამ ბურთი კარში ვერ მოახვედრეს, ახლო მანძილიდან გორგიაშვილის დარტყმულზე კი თებიძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა დამაჯერებლობა. უკომპრომისო ორთაბრძოლები ბოლომდე გაგრძელდა. „ტორპედოს“ უკეთესი ფიზიკური მომზადება განსაკუთრებით თამაშის ეპილოგში გამოჩნდა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა კვერნაძემ ბაბუნაშვილის პასი მიიღო და მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა კუთხიდან შეიჭრა, ტორპედოელს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მის დარტყმულზე მეკარემ იყოჩაღა. აქედან ოთხ წუთში, „ტორპედოს“ კომბინაცია გოლით დაგვირგვინდა, ტაბატაძემ აბრამიძესთან გაითამაშა „კედელი“, ვაჟამ ცრუ მოძრაობით ოპონენტი მოატყუა და კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც ოთარ კვერნაძემ დაუხვედრა ბურთს თავი, მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და საპირისპირო კუთხეში დარტყმით დალაშქრა კარი – 0:1. დარჩენილ წუთებში არაფერი შეცვლილა და არბიტრ სილაგავას, რომელსაც ამ მატჩში თითქმის შეცდომა არ დაუშვია, საფინალო სასტვენმა ქუთათურების მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა, შედეგად, რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე გადავიდა.
fctorpedo.ge