”თბილისის კავკასიელები” – ”როვიგო დელტა”. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
27 სექტემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება ჩელენჯ ქაფის მეორე საკვალიფიკაციო მატჩი, სადაც ”თბილისის კავკასიელები”, იტალიურ ”როვიგო დელტას” მიიღებენ.
მატჩი ავჭალის სარაგბო ბაზაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ დღეს, საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა; რომ კავკასიელებს ჩინებული შანსი აქვთ, გადალახონ იტალიური ზღუდე და მოხვდნენ ჩელენჯზე, და გადაწყვიტა, რომ 27 სექტემბრის მატჩის გასამართად საქართველოს რაგბის კავშირს დაუთმოს მიხეილ მესხის სტადიონი (ვაკე), რისთვისაც ქართული სარაგბო ოჯახის სახელით მადლობას ვუხდით სფფ-ს.” – აცხადებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ამასთან ერთად არის კიდევ ერთი ცვლილება – 23 სექტემბრის ნაცვლად, ბილეთები პარასკევს და შაბათს, დილის 11:00 საათიდან, მიხელის მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება და ის კვლავ 2 ლარი ეღირება.