უმაღლესი ლიგა: მეშვიდე ტურის პრევიუ
უმაღლესი ლიგის მე-7 ტური სამ დღეზეა გადანაწილებული და რამდენიმე გამორჩეულ მატჩს გვპირდება. გათამაშების ლიდერი “დინამო თბილისი” გორს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ “დილასთან” მოსინჯავს ძალებს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომიდნარე ცენრტალურად სწორედ ეს დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ. გორელები 6 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. ანუ, სოსიაშვილის გუნდს გამარჯვების შემთხვევაში პირველ საფეხურზე გადანაცვლების პერსპექტივაც აქვთ, რაც გორული კლუბისთვის დამატებით მოტივაციად უნდა იქცეს.
კიდევ ერთ პრინციპულ შეხვედრას რუსთავი უმასპინძლებს. “მეტალურგს” საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ესტუმრება. ორივე გუნდმა სეზონის სტარტი ჩააგდო და ახალ ნებისმიერ მატჩში მოპოვებულ ქულებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მეორე პოზიციაზე აღზევებული ქუთაისის “ტორპედო” საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამოს” მიიღებს. ტრადიციული გუნდების დაპირისპირება დაძაბულ შეხვედრას გვპირდება. გუნდებს შორის სატურნირო ცხრილში სხვაობა 6 პოზიციაა, თუმცა ბათუმელები ქუთათურებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.
უმაღლესის დებიუტანტები “შუქურა” და “სამტრედია” ერთმანეთის წინააღმდეგ ქობულეთში წარსდგებიან. კლასში დაწინაურებული ორივე გუნდს საკმაოდ მაღალი მიზნები აქვს და შესაბამისად მატჩი საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს.
25/09/14
26/09/14
27/09/14