ლეგენდა, სახელად – იკერი
24 წელი ‘’რეალის’’ სამსახურში. 24 წელია, რაც იკერი მადრიდში ცხოვრობს და მგონი სავსებით საკმარისია, იმისთვის რომ მიხვდე, თუ რა თილისმა გყავს გუნდში. ამ 24 წლის განმავლობაში, იყო მრავალი წარმატება და წარუმატებლობა. ეს 24 წელი მან ‘’რეალის’’ სიყვარულში გაატარა და ცხოვრების ბოლომდე ეს გრძნობა გაჰყვება. ის არ მოკვდება, ის მუდამ იცოცხლებს, როგორც ‘’რეალის’’ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, როგორც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, როგორც ღირსეული კაპიტანი და როგორც ბრყინვალე პიროვნება. 6-ჯერ ევროპის (2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012) და 5-ჯერ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ (2008, 2009, 2010, 2011, 2012) დასახელდა. 5-ჯერ მოიგო ესპანეთის ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მუნდიალი. ბევრი მსოფლიო დონის მეკარე ვერ დაიკვეხნის კასილასის მსგავსი შედეგით. პირადი პრიზები არ გამომრჩეს: 28 პირადი პრიზი 33 წლის ასაკში, განა ეს ცოტაა?
8 წლიდან ‘’რეალის’’ სამსახურშია. 1990 წლიდან 1998 წლამდე ‘’სამეფო კლუბის’’ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. მისი ბრწყინვალე რეაქცია, სისწრაფე, წარმოუდგენელი ნახტომი და რაც მთავარია თავდაუზოგავი შრომა, არ გამოპარვია გუნდის ხელმძღვანელობას და 1999 წელს კი ‘’კასტილიაში’’ გადავიდა, საიდანაც მალევე მთავარ გუნდში მოხვდა. 18 წლის ასაკში იკერი ‘’რეალის’’ სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამ დროს გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვისენტე დელ ბოსკე მოვიდა, რომელმაც იკერს ნდობა გამოუცხადა და მალევე, კასილასმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ‘’ვალენსიას’’ წინააღმდეგ, ტრამვირებული ბოდო ილგნერი შეცვალა და საკუთარ გუნდს ტიტულის მოგებაში დიდი დახმარება გაუწია, მეტი რაღა უნდა ინატროს პატარა მუჩაჩომ ამ ასაკში? ამ მატჩის შემდეგ, კასილასი ხშირად გვევლინებოდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მოხდა ისე, რომ იკერმა ფორმა დაკარგა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. კრიტიკოსების აზრით ეს დასასრული იყო, მაგრამ ყველაფერი იკერის სასარგებლოდ მოხდა. 2002 წელს, ‘’რეალი’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც იკერმა ტრამვირებული სეზარი შეცვალა. ეს მატჩი ალბათ ყველა ‘’მადრიდისტას’’ ემახსოვრება. ლევერკუზენის ‘’ბაიერის’’ წინააღმდეგ, ზიდანის ბრწყინვალე გოლისა და წარმოუდგენელი სეივების შედეგად ‘’რეალი’’ მეცხრედ გამეფდა და კასილასიც ძირითადის უცვლელ წევრად მოგვევლინა.
2008 წლის ზაფხულში სან იკერმა ესპანეთის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა და ჩემპიონის თასიც აწია. უდიდეს წარმატებას კი 2010 წლის მუნდიალზე მიაღწია, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის თასი აღმართა, მის მიერ ჰოლანდიასთან ფინალში განხორციელებული სეივები კი მსოფლიოს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება. 2012 წელს, კასილასმა, კაპიტნის სამკლავურით, კიდევ ერთხელ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მოგება.
2013 წლამდე, იკერი, ‘’რეალის’’ უცვლელი წევრი იყო, მაგრამ სწორედ ამ სეზონში დაიწყო პრობლემები, რომელიც იკერს ახლაც თან დაყვება. მის არადამაჯერებლობაზე დღესაც ლაპარაკობენ. 2012/13 წლების სეზონში, მოურინიომ მეკარეების როტაცია გადაწყვიტა, ექსპერიმენტების სახით ძირითად შემადგენლობაში, კასილასის მაგივრად, ანტონიო ადანი გვევლინებოდა. მალევე, კასილასმა ‘’ვალენსიასთან’’ შეხვედრისას ხელი მოიტეხა, ამ ეპიზოდის მთავარი გმირი კი ალვარო არბელოაა. ნამდვილად ვიღაცამ დაწყევლა იკერი. ადანის არადამაჯერებლობის ფონზე, გუნდში ‘’რეალის’’ აღზრდილი, დიეგო ლოპესი მოიყვანეს, რომელიც ბრწყინვალედ მოერგო გუნდს და იკერის გამოჯანმრთელების შემდეგაც, ძირითად შემადგენლობაში სწორედ დიეგო გვევლინებოდა. ‘’სანამ ‘’რეალში’’ ვიქნები, გუნდის კარს დიეგო ლოპესი დაიცავს’’ – ამბობდა ჟოზე მოურინიო, რასაც ‘’მადრიდისტების’’ აღშფოთება და ჟოზეს თანამდებობიდან განთავისუფლება მოჰყვა.
5 თვის უთამაშებელი იკერი, დელ ბოსკემ კონფედერაციის თასზე გამოიძახა, სადაც უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ვერც კი შეამჩნევდით, რომ სათამაშო პრაქტიკის არ მქონე იყო. ამასობაში, ‘’სამეფო კლუბში’’ მოვიდა ანჩელოტი, რომელსაც ყველა იმედის თვალით უყურებდა, ყველას იკერის დაბურნება სურდა, თავად იკერსაც. მაგრამ კარლომ, ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: ‘’პრიმერაში დიეგო ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგაზე და ესპანეთის თასზე კი კარს კასილასი დაიცავს.’’ – განაცხადა ანჩელოტიმ 2013/14 წლების სეზონის დაწყებამდე. ეს იკერისთვის ნამდვილად არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, წინ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, კასილასს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა, ამის გამო გაჩნდა ჭორები, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, სან იკერი გუნდს დატოვებდა. გულშემატკივარში აშკარად იგრძნობოდა პანიკის ნიშნები, მაგრამ იკერმა მოთმინება არჩია და არც შემცდარა. იგი არა თუ დარჩა გუნდში, არამედ მიაღწია უდიდეს წარმატებას, რომელსაც ყველა ‘’მადრიდისტა’’ 12 წლის განმავლობაში ელოდა. ‘’რეალმა’’ მოიგო ‘’ლა დესიმა’’, იკერი კი გახლდათ ის კაპიტანი, რომელმაც რეალის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი აღმართა.
კარლო ანჩელოტის სიტყვები გამახსენდა: ‘’იკერ კასილასი იქნება ის კაპიტანი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეათე თასს აწევს. თასის აწევამ, ფინალში დაშვებული შეცდომაც გადაფარა. მოვიდა მსოფლიო ჩემპიონატის დროც, სადაც ძირითად შემადგენლობაში იკერი მოგვევლინა, მაგრამ ჰოლანდიასთან მატჩში დაშვებულმა შეცდომამ, რომელიც გოლის ფასად დაუჯდა, კრიტიკოსები კვლავ აალაპარაკა. ზოგადად ამ ჩემპიონატმა, არამარტო იკერისთვის, არამდედ მთლიანი ესპანეთისთვის მძიმედ ჩაიარა. ახალი სეზონიდან გულშემატკივარი აქტიურად ითხოვდა იკერის ძირითადში დაყენებას, რასაც საბოლოოდ დიეგო ლოპესი შეეწირა, მაგრამ ლოპესის გაშვების შემდეგ, გუნდმა არანაკლები დონის მეკარე, კეილორ ნავასი დაიმატა, მაგრამ როგორც სჩანს ანჩელოტის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კასილასის ძირითადში დაყენება. პრიმერაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც, ჯერჯერობით კასილასი მყარად და დამაჯერებლად დგას. ასეც უნდა იყოს, ის ხომ ლეგენდაა, რომელიც ერთ-ერთი მწვრთნელის უაზრო ახირებებს შეეწირა. მას სათამაშო დრო სჭირდება ფორმის აღსადგენად, იგი დაუბრუნდება ძველ კონდიციებს და თავის სათქმელს კიდევ მრავალჯერ იტყვის. იგი პასუხს გასცემს ყველას, ვინც მას ბოროტად აკრიტიკებდა. იგი რეალის გულია, იგი სულით და გულით მადრიდისტაა, ის ლეგენდაა!!!