მარკოიშვილის 15 ქულა, 5 პასი და გამარჯვება რიკი ჰიკმანის “ფენერბაჰჩესთან”
კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილმა მოსკოვის ცსკა-ში ჩაატარა. სტამბოლში მიმდინარე „გლორიას თასის“ მეორე მატჩში რუსულმა გრანდმა ადგილობრივი „ფენერბაჰჩე“ 98:75 გაანადგურა და აღნიშნული ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ესპანურ „უნიკახას“ შეხვდება.
მანუჩარ მარკოიშვილმა კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ის ისევ მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ქართველი უკანახაზელი არმიული კლუბის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. მანუჩარმა გუნდში საკუთარი ადგილი უკვე დაიმკვიდრა და ასე თუ გააგრძელა, ის ცსკა-ს ლიდერიც იქნება.
მარკოიშვილმა 25:22 წუთი ითამაშა და შედეგიანობით მხოლოდ ანდრეი ვორონცევიჩს ჩამორჩა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. მარკოიშვილმა მთლიანობაში 15 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
მარკოიშვილს პაექრობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ წევრ რიკი ჰიკმანთან უწევდა. ჰიკმანი ევროლიგის გასული სეზონის ჩემპიონი და თელ ავივის „მაკაბის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, რომელიც „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა. ჰიკმანმა 22 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სტამბოლელთაგან 21 ქულით საუკეთესო ემირ პრელჯიჩი გახდა, ხოლო ცსკა-ში ვორონცევიჩმა 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვლა, დემეტრის ნიკოლსმა კი 16 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი.
ფინალური მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია ინტერნეტში, შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი: http://www.trt.net.tr/Anasayfa/canli.aspx?y=tv&k=trtsporაღსანიშნავია, რომ ცსკა და „უნიკახა“ მოახლოვებულ ევროლიგაში ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეები არიან.
gbf.ge