ლევან მაისაშვილი: ”გუნდში ყველას გათვითცნობიერებული აქვს ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობა”
ფილიპო ფრატი: ‘’თამაშისთვის რთული მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, რადგან ‘’კავკასიელები’’ ახალი ჩამოყალიბებული გუნდია, ამიტომ რთული იყო მათი თამაშის სტილის შესწავლა და აქედან გამომდინარე, მოგვიწია საქართველოს ნაკრების თამაშების ჩანაწერების გადახედვა, ასევე შიდა ჩემპიონატის რიგი მატჩების ყურება, ახალგაზრდების შესწავლა, იმისთვის რომ ერთგვარი წარმოდგენა შეგვქმნოდა გუნდზე.
იტალიაში გაიმართა ისეთი მატჩი, როგორსაც ველოდით: რთული, თანაბარი და დაძაბული. ვაღიარებ, რომ ბოლო წუთზე გაგვიმართლა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მინდა აღვნიშნო, რომ ‘’კავკასიელები’’ ძალიან ძლიერი გუნდია, დაცვაში თანმიმდევრულად თამაშობდნენ, სწაფად გვიტევდნენ და დიდი პრობლემებიც შეგვიქმნეს. ისინი მაქსიმალურად იყენებდნენ ქულის მოპოვების შესაძლებლობებს. თბილისში მოსაგებად ვიბრძოლებთ, ისევე როგორც ჩვენი ოპონენტი, ორივე გუნდს 1 მიზანი აქვს და სწორედ ეს ხდის თამაშს საინტერესოს.
რა თქმა უნდა ქართული გუნდი უფრო ძლიერი იქნება საკუთარ კედლებში, ეჭვიც არ მეპარება, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარ მოვა მაგრამ ამისთვის მზად ვართ.
ჩვენს მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. შემადგენლობიდან გამოვყოფდი ნახევარ დაცვის ერთ-ერთ მოთამაშეს, ლაშა ხმალაძეს, რომელსაც მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები და შესაბამისად გამოცდილებაც დიდი აქვს. ასევე, გამოვყოფდი უკანახაზელ ირაკლი ყიასაშვილს, რომელიც ყველა შესაძლებლობაზე ჭრიდა ჩვენს დაცვას და რა თქმა უნდა გიორგი შკინინს, რომელმაც 2 ლელო დაგვიდო და გასულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.’’
ლევან მაისაშვილი: ‘’იტალიიდან როგორც კი დავბრუნდით, ეგრევე შევკრიბეთ ბიჭები. დიდი დრო არ გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გუნდში ყველას გათვითცნობიერებული აქვს ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობა. ცვლილებებს რაც შეეხება, ერთმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ ვეღარ გააგრძელა ჩვენთან ერთად მომზადება და ტაქტიკურ მონახაზშიც შევიტანეთ პატარა ცვლილება.
იტალიაში კარგად ვითამაშეთ. პირველივე წუთიდან ჩვენი თამაში მოვახვიეთ მეტოქეს თავს და 8 ქულიანი სხვაობით გავედით წინ. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რაც უდისციპლინობაზე მეტყველებს. ავიღეთ ყვითელი ბარათი, რომელმაც თამაშის მიმდინარეობაში, დიდი როლი ითამაშა და შედეგად ‘’როვიგომ’’ წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ გაგვიჭირდა თამაშის შემოტრიალება, მაგრამ ბიჭების ვაჟკაცობით, კვლავ მოვახერხეთ თამაშში ჩართვა და ისეთ დროს შევიტანეთ შეხვედრაში გარდატეხა, როდესაც ფაქტობრივად უნდა მოიგო თამაში, მაგრამ ბოლო წუთები, ძლიერი შეტევების წნეხში გავატარეთ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
იტალიაში ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა დავუშვით, ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და გავანიავებთ, ხვალ კი ყველა ეპიზოდს დიდი მნიშვნელობა ექნება. ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის გაიმარჯვებს. როგორც აღვნიშნე, მოსამზადებელი დრო ძალიან ცოტა იყო და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გუნდის მინუსი და პლიუსი გაგვეაზრებინა.
გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ნუ იქნებიან ვადაზე ადრე ზედმეტად კრიტიკულები მოთამაშეების მიმართ. მოთამაშეს თამაშში შეიძლება ჰქონდეს ძალიან კარგი და ცუდი მომენტი. თუ გვახარებს კარგი თამაში, მაშინ ცუდად თამაშიც უნდა ავიტანოთ და პირიქით უნდა გავამხნევოთ. რა თქმა უნდა კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ თავიდანვე რომ კრიტიკულად აღიქვამენ მოვლენებს, მე ეს არ მესმის. გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს ტრიბუნაზე, უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოებას, რომ არ დაიზარონ და მოვიდნენ სტადიონზე. ამ შეხვედრაში, ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ექნება და ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარია. ‘’