რევაზ ძოძუაშვილი: “ვფიქრობ, ვინც თამაშზე მოვა, ნასიამოვნები დარჩება“
გუშინ, საღამოს, ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოსთან“ ხვალინდელ მატჩამდე საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში გამართა. ტრადიციულად, ქვემოთ დამდეგი ქუთაისური თამაშის წინ ტორპედოელთა კომენტარებს გთავაზობთ.
რევაზ ძოძუაშვილი: „საზოგადოდ, როცა გუნდი სატურნირო მდგომარეობის მაღალ საფეხურზე დგას, თვითონ საქმე გეუბნება, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ, ლაპარაკიც არ უნდა, რომ უკეთესი უნდა შევქმნათ. ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისში ჩამოყალიბდეს ქართული ფეხბურთის ბირთვი. ამის საშუალება და უნარი ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა. „ტორპედო“ სწორ გზაზე დგას. მოხარულები ვართ, რომ წინა თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. „სამტრედია“ ის გუნდია, რომელმაც მოახერხა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების თავმოყრა, ადენად, ეს გამარჯვება კარგი საზომი არის იმის დასადგენად, თუ რას წარმოვადგენთ. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, ბათუმის „დინამო“ დიდი ტრადიციების კლუბია. ვფიქრობ, ვინც ხვალინდელ თამაშზე მოვა, ნასიამოვნები დარჩება“.
შოთა ბაბუნაშვილი: „ჩემი საფეხბურთო კარიერა „ტორპედოში“ დავიწყე და ძალიან მინდა, რომ აქვე დავასრულო. იმედი მაქვს, მომავალშიც ვიქნები ამ გუნდისთვის გამოსადეგი ფეხბურთელი. დღესდღეობით საკმაოდ გამოცდილი გუნდი შევიკრიბეთ. ლოგიკურად მივიჩნევ, რომ ჩემპიონატში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ, ალბათ, მეტიც შეგვეძლო, დასანანი ქულები რომ არ დაგვეკარგა. რეალურად რომ ვთქვათ, სამეულში შესვლა შეგვიძლია, თუმცა ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. მართალია, ამჟამად ძლიერი ჩემპიონატი არ გვაქვს, მაგრამ ისიც პროგრესია, რომ ნებისმიერი თამაშის შედეგზე პროგნოზის გაკეთება ძალიან გართულდა. ვიცით, რომ ხვალ იოლი მატჩი არ გვექნება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“.
დღესვე, ერთი მისასალმებელი ფაქტიც იყო – ჭყონდიდის ეპარქიაში მომსახურე მამა გიორგიმ(ბასილაია) ჩვენი გუნდის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის სახელზე საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი საცხოვრებელი შენობა და მთლიანად „ტორპედოს“ ბაზაც აკურთხა.
FCTorpedo.Ge