დავმარცხდით, მაგრამ ღირსეულად!
დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, გაიმართა სარაგბო დაპირისპირება: ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო მატჩში, თბილისის ”კავკასიელებმა” იტალიურ ”როვიგოს” უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, გამარჯვება კი ჩვენს სტუმრებს დარჩათ და სწორედ ისინი იასპარეზებენ ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე. იტალიელებმა, ანგარიშით 21-24 გაიმარჯვეს, ორი მატჩის ჯამში კი 7 ქულიანი სხვაობით მოიგეს (იტალიაში ”როვიგომ” 22-18 გაიმარჯვა).
მატჩის დებიუტი სასწაულად წარიმართა: იტალიელებმა პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეგვიტიეს, რასაც მე-4 წუთზე გატანილი ლელო მოჰყვა. ცენტრიდან წამოწყებული შეტევა, მარცხენა ფლანგზე გადაიშალა და საბოლოოდ ბორტოლუსიმ ბურთი დაამიწა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ზუსტად 4 წუთში, ქართველების მიერ წამოწყებული საპასუხო შეტევა, ბაჩანა გოგიშვილის მიერ გატანილი ლელოთი დასრულდა, რასაც ბექა წიკლაურის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და ”კავკასიელები” 2 ქულით დაწინაურდა. 24-ე წუთზე, იტალიელების შეტევა, დე მარჩის მიერ გატანილი დასანანი ლელოთი დასრულდა, რომელსაც ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოყვა და ”როვიგო” 5 ქულით დაწინაურდა. მალევე, ბასონმა საჯარიმო დარტყმით კიდევ 3 ქულა შემატა გუნდს და პირველი ტაიმი გამარჯვებულებმა დაამთავრეს, 7-15.
მეორე ტაიმის დასაწყისი, ქართველების აშკარა უპირატესობით წარიმართა. 15 წუთი, ფაქტობრივად მეტოქის საჯარიმოში გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ ქულის მოპოვება, ელემენტარული შეცდომების გამო ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთის არდაწერილი კანონი გამახსენდა, ”ვერ გაიტან გაგიტანენ”, რომელიც დღევანდელ თამაშშიც ამოქმედდა. 15 წუთიანი შეტევის მერე, იტალიელთა პირველივე შეტევა, ჩვენი დაჯარიმებით და ბასონის მიერ გატანილი ჯარიმით დასრულდა, ანგარიში7-18 გახდა.
ქართველების ამოცანა გართულდა, შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულით გამარჯვება გვწირდებოდა, მატჩის დასრულებიდან 20 წუთით ადრე კი 11 ქულის სხვაობით ვაგებდით, ამას ემატებოდა მრავალი ტექნიკური წუნი, რომელიც საბოლოო შედეგზეც აისახა, თუმცა ბიჭებმა იბრძოლეს და 67-ე წუთზე, ლაშა ხმალაძის ბრწყინვალე გარღევით, ანგარიში 4 ქულამდე დაიყვანეს. 5 წუთში, ქართველების მიერ, დაცვაში დაშვებული მორიგი შეცდომა, ჯარიმით და ბასონის მიერ ზუსტად შესრულებული დარტყმით დასრულდა, 14-21. 79-ე წუთზე, ლაშა ხმალაძეს მორიგი სოლო-რეიდი ვიხილეთ, რომელიც კვლავ ლელოთი და მის მიერ შესრულებული გარდასახვით დასრულდა. ანგარიში გავათანაბრეთ, მორაგბეებშიც და გულშემატკივრებშიც, გამარჯვების იმედი გაჩნდა, მაგრამ ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და ზუსტად მატჩის ბოლო წამებზე, კვლავ დაცვაში დაშვებული შეცდომის შედეგად, ბასონმა არეკნი გაიტანა, მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა და იმედიც მოკვდა.
დავმარცხდით, მაგრამ ღირსეულად. 2 კვირის შეკრებილმა გუნდმა, დიდი წინააღმდეგობა გაუწია, შედარებით გამოცდილ გუნდს, მითუმეტეს რომ ”როვიგოს” ფინანსური ბიუჯეტი, ზუსტად საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ათივე კლუბის ერთად შეკრებილი ბიუჯეტის ტოლია.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები