დიდი გეგმებით მეორე ლიგიდან
ქართულ ფეხბურთში ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომ არის ყველასთვის კარგადაა ცნობილი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში გამონაკლისებიც არსებობს. სწორედ ასეთია მეორე ლიგის ბინადარი “მარკ სტარსი”, რომლის მეპატრონე ნიგერიელი კელვინ ოტუს ბლექია. ჩვენ თბილისური კლუბის სპორტულ დირექტორს, ირაკლი ხვედელიანს დავუკავშრდით და კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
სეზონის სტარტი
გუნდმა ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო. წინასწარ რამის თქმა ყოველთვის ძნელია, თუმცა განვლილი თამაშები ოპტიმისტურად ყოფნის საშუალებას გვაძლევს. გასული წლის შემდეგ შემადგენლობა 80 პროცენტით შეიცვალა. მოთამაშეთა უმეტესობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებში თამაშობენ. ამის ფონზე, “მარკ სტარსმა” მეორე ლიგის სასტარტო მატჩებში ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ახალი მწვრთნელები და მენეჯმენტი
“მარკ სტარსის” პრეზიდენტმა, კელვინ ოტუს ბლექმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთ გუნდში შეეკრიბა სხვადასხვა გუნდებში მოთამაშე გამორჩეული ფეხბურთელები. მენეჯმენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღეს გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაც უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშის გამოცდილება აქვთ. “მარკ სტარსის” ღირსებას უცხოელი მოთამაშეებიც იცავენ. ძალიან მალე, ჩვენი გუნდის მაისურს მოლდოვის უმაღლესი ლიგიდან ახლახანს დაბრუნებული ოთარ კირვალიძეც მოირგებს. მთავარი მწვრთნელის, დავით მაჩიტაძისა და მისი ასისტენტის, გიორგი ჯმუხაძის ყოველდღიური შრომა დარწმუნებული ვარ, უშედეგოდ არ ჩაივლის და “მარკს სტარსი” სეზონის ბოლომდე მოწინავე პოზიციაზე დარჩება.
მიზნები
წინა სეზონის მსგავსად, მიმდინარე სეზონშიც კლუბის მთავარი მიზანი პირველ ლიგაში გადასვლა არის. გასულ სეზონში “მარკ სტარსი” ლიდერ “ბორჯომს” ერთი ქულით ჩამორჩა და სამწუხაროდ პირველი ლიგის გარეშე დარჩა. ამას მეორე ლიგის თასის გათამაშებაც ემატება, როგორც მოგეხსენებათ, “მარკ სტარსი” თასის მოქმედი ჩემპიონია და გუნდს დასამტკიცებელი აქვს, რომ ამ ტიტულს შემთხვევით არ დაეუფლა.
საფეხბურთო სკოლა
სამომავლო გეგმები მართლაც შთამბეჭდავია. საფეხბურთო სკოლის შექმნაც სწორედ ამ იდეას ემსახურება. “მარკ სტარსს” 5-დან 15 წლამდე ასაკობრივი გუნდები ეყოლება, საიდანაც ძირითადი გუნდი სამომავლო შევსებას მიიღებს. სკოლაში მოსვლა და ვარჯიში, სადაც კვალიფიციური მწვრთნელები მომავალი თაობის აღზრდაზე იზრუნებენ, ყველა მსურველს შეეძლება. წვრთნები ვარკეთილში 180 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოედნებზე გაიმართება. სწავლების საფასური კი 50 ლარი იქნება. პატარები სათამაშო, სავარჯიშო და გამოსასვლელი ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილი, გაივლიან უფასო სამედიცინო შემოწმებას, ითამაშებენ სფფ-ს ეგიდით გამართულ ასაკობრივ ტურნირებში და გათავისუფლებულნი იქნებიან ყველა სხვა სახის გადასახადისგან. ამჯამად, ჩვენს სკოლაში უკვე 50-ზე მეტი მოზარდია დარეგისტრირებული და იმედია მათი რიცხვი სულ მალე კიდევ უფრო სოლიდური გახდება.