„ჩხერიმელასთან“ განმეორებითი სათასო მატჩის წინ
1 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში პირველლიგელ ხარაგაულის „ჩხერიმელას“ დახვდება. თამაში, რომელზეც დასწრება უფასოა, 15:00 საათზე დაიწყება.
მოგეხსენებათ, საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალის ყველა საპასუხო მატჩი 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ეროვნული ნაკრების ინტერესების გამო კალენდარში შესულმა ცვლილებებმა მათი გადადება 30 სექტემბრისა და 1 ოქტომბრისთვის განაპირობა.
„ტორპედოსა“ და „ჩხერიმელას“ შორის აღნიშნულ ეტაპზე ხარაგაულში მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე გამართულ პირველ მატჩში ქუთაისელებმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე, თამაშის 55-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი 19 წლის ცოტნე ქებურია გახდა. დეტალური ინფორმაციისთვის გთავაზობთ 20 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრის პროტოკოლს –http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=249.
ჩვენს მომდევნო მეტოქეზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად შემდეგს მოგახსენებთ – „ჩხერიმელა“ პირველი ლიგის გათამაშების „ა“ ზონაში გამოდის, სადაც 6 ტურის მერე დაგროვილი 4 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. ზემოიმერელთა მწვრთნელი 29 წლის გიორგი შავგულიძე გახლავთ. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია.
აქვე დამდეგი ქუთაისური მატჩის მომსახურე მსაჯთა შემადგენლობაზეც ვთქვათ, რომელსაც დავით სანოძე(ხონი) უხელძღვანელებს, მას ასისტენტობას გაუწევენ: ფელიქს ჭაავა(ზუგდიდი) და ზვიად ერქვანია(ზუგდიდი), სათადარიგო მსაჯობა კი ჯენერი ხორავას(ხობი) დაევალა.
FCTorpedo.Ge