დავით ყიფიანის სახელობის თასი: ”საპოვნელამ” ”გურია” გამოაგდო, ”კოლხეთმა” ”სქურს” გადაუფრინა, ”ზუგდიდი” კი…
დღეს, გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის 7 შეხვედრა.
გორში, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა ”დილამ”, თბილისის ”ლოკომოტივი” მიიღო და მე-4 წუთზე, ირაკლი მოდებაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა, 2 მატჩის ჯამში კი ”დილამ” ”ლოკომოტივს”, ანგარიშით 4-1 სძლია და მომდევნო ეტაპზე საგზური მოიპოვა.
სამტრედიაში, ადგილობრივი ”სამტრედია”, ქედის ”ბეთლემს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 4-1 გაიმარჯვა (საერთო ჯამში 7-1).
უმაღლესი ლიგის მესამე ადგილოსანი, ცხინვალის ”სპარტაკი”, პირველი ლიგის ლიდერს, ”საბურთალოს” დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისში, ბენდელას სახელობის სტადიონზე გაიმართა და ის ”სპარტაკის გამარჯვებით, ანგარიშით 0-3 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში ცხინვალელებმა 2-4 იმარჯვეს.
რუსთავში, ”ფოლადის” სტადიონზე, ”სასკო” და ”მეტალურგი” შეერკინნენ. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა, კვლავ ფრედ, 2-2 დამთავრდა და სტუმრად გატანილი ბურთების წყალობით, ”მეტალურგმა” მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
საკმაოდ დრამატული შეხვედრა გამოდგა ხელვაჩაურის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ადგილობრივი ”მაჭახელა” ”ზუგდიდს” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა ზუგდიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა, და განმეორებით შეხვედრაში ”მაჭახელას”, მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა. ზუგდიდელები პირველ ტაიმში 0-2 იგებდნენ, მაგრამ საბოლოო ანგარიში ”მაჭახელას” სასარგებლოდ, 3-2 დაფიქსირდა. აჭარლებს სენსაციის მოწყობამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.
ფოთის ”კოლხეთს”, საკუთარ მოედანზე ”სქურის” დამარცხება არ გასჭირვებია. მასპინძლებმა, სტუმრები ერთი ამოსუნთქვით, ანგარიშით 6-0 (2 მატჩის ჯამში 7-0) გაანადგურეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კი ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ”გურიამ” თერჯოლას ”საპოვნელას” უმასპინძლა. პირველი შეხვედრა, თერჯოლელებს 2-1 ჰქონდათ მოგებული, და ”გურიასაც” მინიმუმ ამ ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდათ. ასეც მოხდა. ლანჩუთელებმა 2-1 იმარჯვეს და გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიით გაირკვა. 11 მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმებში, ”საპოვნელამ” იმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.