ფოთელებთან შეხვედრის მოლოდინში
შაბათს, 4 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ფოთის “კოლხეთს” ერთმანეთში 16-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 2 დასრულდა ფრედ, 3 კი მოიგეს ზღვისპირელებმა (ფოთელთა სამივე გამარჯვება ზესტაფონელთათვის სადებიუტო, 2004-2005 წლების სეზონზე მოდის). გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც იმერელი ფეხბურთელები შთამბეჭდავ უპირატესობას ფლობენ – 29:11.
დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში კოლხთა და მარგველთა გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა – 2011-2012 წლების გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში ჯაბა დვალის დუბლის წყალობით მოპოვებულ მინიმალურ გამარჯვებას (2-1) იმერლებმა სტუმრად (მატჩი ლანჩხუთში გაიმართა) უგოლო ფრე შემატეს.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ ზესტაფონელთაგან ფოთელთა კარში სხვაზე ხშირად ზურაბ იონანიძესა და რატი წინამძღვრიშვილს გაუტანიათ – მათ ანგარიშზე 4-4 გოლია. 3-3-ჯერ მეტოქის კარის ბადე შეურხევიათ თორნიკე აფციაურსა და თორნიკე გორგიაშვილს. ჯაბა დვალს კი “კოლხეთის” კარი 2-ჯერ (ხოლო სათასო მატჩების ჩათვლით – 4-ჯერ) აქვს აღებული,..
ფოთის “კოლხეთთან” 4 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური