მოურინიო მასსა და ვენგერს შორის გაწევ-გამოწევაზე
ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა.
“პირადად ჩემთვის ინციდენტი ამოწურულია.
ტექნიკური ზონები ნათლად არის გამოყოფილი, მე ჩემი ტერიტორია მაქვს, მას – თავისი. ვენგერს არ აქვს უფლება, ჩემს ზონაში შემოვიდეს და არბიტრს ჩემი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოსთხოვოს.
მე მას მოვუწოდე, რომ ჩემი ტექნიკური ზონიდან გასულიყო”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ESPN.
“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.