კასილასი: “მოურინიოსგან შეურაცხყოფას კლუბის გამო ვიტანდი”
ტელეკომპანია “კანალ პლუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მადრიდის “რეალის” კაპიტანმა იკერ კასილასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოხდა მასსა და კლუბის ყოფილ თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის.
“2012 წლის ზაფხულში ჩემსა და მოურინიოს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ შობის პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. იმ დროს გუნდს არცთუ კარგი შედეგები ჰქონდა და ურთიერთობაც გაგვიფუჭდა, თუმცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა არ დაგვიკარგავს. შემდეგ სარამ (კარბონერო — ტელეჟურნალისტი, იკერის გელფრენდი) საჯაროდ გამოაცხადა, რომ გუნდში დაძაბული ვითარება იყო, რასაც ჩემი მისამართით თავდასხმები მოჰყვა. ჩემი აზრით, სარამ ის თქვა, რაც ისედაც ყველამ იცოდა, თუმცა მოურინიო ჩემ მიმართ აშკარად შეიცვალა. მოღალატესა და თხუნელას მეძახდა”, – აღნიშნა კასილასმა.
ესპანელმა მეკარემ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ არ პასუხობდა პრესის მეშვეობით მოურინიოს.
“შესაძლოა, მისთვის პასუხი უნდა გამეცა, თუმცა გუნდის ინტერესები წინ დავაყენე. არ მინდოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა. ერთმანეთს ხმას აღარ ვცემდით, ჩვენი გზები გაიყარა. ვიგრძენი, რომ იზოლირებული ვიყავი. როდესაც ტრავმა მოვირჩინე, კარანკამ (მოურინიოს თანაშემწე) მითხრა, რომ მაინც ვერ ვითამაშებდი, რადგან კონკურენტუნარიანი არ ვიყავი. აი, მაშინ მივხვდი, რომ მართლაც სეროზული პრობლემის წინაშე ვიდექი”, – განაცხადა კასილასმა.
“გულშემატკივრებისგან სტვენა დიდ ტკივილს მაყენებდა. “რეალში” ცხრა წლის ასაკიდან ვირიცხები, კლუბთან ერთად ბევრი რამ გადავიტანე. რა თქმა უნდა, საზოგადოებას უფლება აქვს, ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, თუმცა ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა, რომ კარიერა სწორედ აქ დავასრულო. ეს ჩემი სახლია, ამ კლუბის აღზრდილი ვარ”, – განაცხადა 33 წლის მეკარემ.