საქართველომ კვიპროსს სძლია
საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში კვიპროსი 3:1 დაამარცხა.
შეხვეედრა პირველივე წუთებიდან საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. პირველი რეალური მომენტი ქართველებმა სტანდარტიდან შექმნეს. კვიპროსელები ძელმა იხსნა. ზუსტად სამ წუთში გოლის გატანის შანსი ზარანდიას მიეცა, თუმცა ამჯერად კვიპროსელები მეკარემ გადაარჩინა.
ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. ხიფათი კვლავ სტანდარტის შემდეგ შეიქმნა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ქიტეიშვილი გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა – 0:1.
გატანილი გოლის შემდეგ თამაში გათანაბრდა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. შესვენებამდე დევდარიანის შეგირდებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ყველაზე რეალური შანსი ისევ ქიტეიშვილს ჰქონდა, რომელმაც ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შესძლო გატანა.
მეორე ტაიმი კვიპროსელებმა კარგად დაიწყეს. განსაკუთრებით შეტევის მარცხენა ფლანგზე კაციატი აქტიურობდა. გატანის რეალური შანსი ფრაგკოუს ჰქონდა, თუმცა მის ჩინებულად შესრულებულ ჯარიმას გოშაძე გაუმკლავდა.
67-ე წუთზე ნომინალურმა სტუმრების სტატუსში მოთამაშე ქართველებმა მეორე გოლი გაიტანეს. შორი მანძილიდან მოხევიშვილმა ჯარიმა ძლიერად და ზუსტად შეასრულა – 0:2.
ამის შემდეგ დევდარიანის გუნდს გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა 72-ე წუთზე დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომის გამო კვიპროსელებმა სხვაობის შემცირება შესძლეს. გოლის ავტორი კაციატი გახდა.
კვიპროსელებმა შეუტიეს და შეხვედრის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. საბოლოო ანგარიში ლუკა ზარანდიამ, ზუსტად შესრულებული პენალტით დააფიქსირა. მომდევნო მატჩს საქართველოს 19-წლამდელები ორშაბათს, რუმინეთთან ჩაატარებენ.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში მონტენეგრომ რუმინეთს მინიმალური ანგარიშით სძლია და ელიტრაუნდში ასპარეზობა გაინაღდა.
კვიპროსი 1-3 საქართველო
გოლები: ქიტეიშვილი 19′ (0:1); მოხევიშვილი 67′ (0:2); კაციატი 72′ (1:2); ზარანდია 83′ (1:3)
კვიპროსი: ტასურისი, კოუსოულოსი, ვილერი, კატელარისი, ფრაგკესკო, ლილისი (ჩარალამპოსი 56′), ფრაგკოუ, კონსტანტინუ (ჩარალამბოსი 52′), პანაგი, ხრისტოდოლუ (მოზოროსი 71′), კაციატი.
საქართველო: გოშაძე, მოხევიშვილი, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ხარაიშვილი, ქიტეიშვილი (არაბიძე 73′), ჭანტურია, ზარანდია (მეხი 86′), კერძევაძე (ბერიძე 64′), შულაია.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები