ოქრიაშვილი შოტლანდიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს?
რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები “აიბროქსის” სტადიონზე შოტლანდიას დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. “აიბროქსის” სტადიონზე თორნიკე ოქრიაშვილს არ უვარჯიშია. მიზეზი ფეხბურთელის ბელგიაში მიღებული ტრავმა გახდა. შეძლებს თუ არა “გენკის” ლეგიონერი და მიმდინარე საკვალიფიკაცო ეტაპზე პირველი ქართული გოლის ავტორი მოედანზე გასვლას უშუალოდ თამაშის დაწყებამდე გაირკვევა.
ბოლო ვარჯიშამდე თემურ ქეცბაიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არნემის “ვიტესის” წევრ ვაკო ყაზაიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
თემურ ქეცბაია: “უკვე ხუთი წელია საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, ჩვენ თამაშებს თუ ადევნებთ თვალს ნახავდით,რომ შეიძლება ბევრი შეხვედრა ვერ მოვიგეთ, მაგრამ არც ადვილი დასამარცხებელია საქართველოს ნაკრები. შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერ გუნდებსაც ვეთამაშეთ და კარგი შედეგიც გვქონდა, თუ ვინმე სათანადოდ არ აფასებს ჩვენ ნაკრებს ეს მხოლოდ მათი პრობლემაა. კენჭისყრის შემდეგ შოტლანდიაში ითქვა,რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გიბრალტარს და საქართველოს არ ექნებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ კონკრეტული ადამიანების აზრია. ჩვენ, ჩვენი საქმე კარგად უნდა გავაკეთოთ და დავამტკიცოთ,რომ შეგვიძლია მიზნისთვის წარმატებით ბრძოლა. შოტლანდიას ნამდვილად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, კარგ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ შოტლანდია ნამდვილად არ არის ბრაზილია. ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ და მათთან დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. შეიძლება ჩვენი მოწინააღმდეგე ზედმეტად თავდაჯერებულია, თუმცა დიდი ტრადიციების მქონე შოტლანდიამ ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 16 წლის წინ ითამაშა. რაც შეეხება ჩემს მომავალს ეროვნულ ნაკრებში, ირლანდიასთან ბოლო წუთზე წაგებული თამაშის მერე აღვნიშნე, რომ შოტლანდიასთან და გიბრალტართან შეხვედრების შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას.”
ვაკო ყაზაიშვილი: “ძალიან სამწუხაროა,როდესაც შეხვედრას ბოლო წუთზე აგებ, მაგრამ ეს იყო ერთი თვის წინ და ჩვენ ეს მატჩი უკვე დავივიწყეთ. ხუთი დღეა შოტლანდიაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგად მოვემზადეთ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არ ყოფნის მიუხედავად ჩვენი მიზანია, რომ შეხვედრაში მინიმუმ ქულის აღება მოვახერხოთ”.
შოტლანდიასა და საქართველოს შორის მატჩი “აიბროქსის” სტადიონზე თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შეხვედრას ჩეხ მსაჯთა ჯგუფი მოემსახურება. თამაშის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური, გლაზგო, შოტლანდია