მარკოიშვილის ცსკა-მ ვითიბი ლიგის მატჩი კრასნოდარში “ლოკომოტივთან” წააგო
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე მარცხი განიცადა. სტურნირის ადებიუტო მატჩში ფინური „ბიზონსის“ განადგურების შემდეგ წითელარმიელები კრასნოდარში ჩავიდნენ და ადგილობრივ „ლოკომოტივ-ყუბანთან“ 73:81 წააგეს.
მოსკოვური გრანდის მარცხი სენსაციას აღარ წარმოადგენს. რუსეთში ისე ამაღლდა დონე და გუნდებმა ისეთი ლეგიონერები დაიმატეს, ცსკა-ს არაფრით არ ჩამოუვარდებიან. რკინიგზელებმა არმიელებს დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა დამსახურებულად მოუგეს. მასპინძლებმა ბოლო 4 წუთი უფრო მობილიზებულად ჩაატარეს და შედეგიც მოიმკეს.
მარკოიშვილს შთამბეჭდავი სტატისტიკა არ ჰქონია, თუმცა ის ცსკა-ს მწვრთნელმა საკმაოდ დიდ ხანს ათამაშა. ქართველ ლეგინერზე მეტ ხანს, ისიც 1 წუთით, მხოლოდ სერბმა მილოშ თეოდოსიჩმა ითამაშა, რომელიც არმიელთაგან საუკეთესო იყო. თეოდოსიჩმა 32 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 4 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო, ხოლო მეტოქე მასზე ერთხელ დაჯარიმდა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ალექსანდრ კაუნმა, ხოლო აარონ ჯექსონმა და სონი ვიმსმა 9-9 ქულა მიითვალეს.
რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, გუნდში არაერთი ძლიერი ლეგიონერის ყოფნის მიუხედავად, „ლოკომოტივს“ რუსმა მიხაილ გრიგორიევმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. მისი სამქულიანები უმთავრესი ფაქტორი შეიქმნა ყუბანელთა გამარჯვებაში.
ცსკა ვითიბი ლიგაზე მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს შინ, „ენისეისთან“ გამართავს.
gbf.ge