“ტორპედოს” დუბლიორთა გამარჯვება დიდი ანგარიშით
20 ოქტომბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირზე მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ სათადარიგო გუნდმა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია) ჩვენი გუნდის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ლანჩხუთის „გურიას“ დუბლიორები მიიღო.
დღევანდელ შეხვედრასაც წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა, „გურიას“ ფეხბურთელ ნიკა კილაძის გარდაცვალების გამო. ტორპედოელებმა დღეს გუნდური თამაშით ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს და შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვეს. თამაშის ბედი, ფაქტობრივად, საწყის ოც წუთში გადაწყდა, ამ დროისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. გოლები: ოლეგ მამასახლისმა(2) და ბაქარ ლაღაძემ გაიტანეს. 35-ე წუთზე, ოლეგ მამასახლისმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით(ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარე გააძევეს) ჰეთ თრიქი შეასრულა. 43-ე წუთზე კი ახალგაზრდა ტორპედოელთა კაპიტანმა ზაურ გოგუაძემ კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა და მეორე ტაიმს ფორმალური ხასიათი დაუტოვა. ლანჩხუთელებმა პრესტიჟის გოლის გატანა 65-ე წუთზე შეძლეს, თუმცა 5-ბურთიანი სტატუს-კვო მე-80 წუთზე ლაშა ჩიხლაძემ აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც მან დააფიქსირა – 6:1.
„ტორპედო-2“: გეგუჩაძე, ფანცხავა(წიქარიშვილი 70), გელაშვილი, კუჭუხიძე, ბერიშვილი, ზაქარაშვილი, ხვიჩია(თევზაძე 65), მარკოზაშვილი(ხეცურიანი 55), ლაღაძე, გოგუაძე(ჩიხლაძე 60), მამასახლისი(იონანიძე 55).
FCTorpedo.Ge