ზესტაფონს ახალი სპონსორი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სპონსორი უკრაინული “პრივატბანკი” გახდა. 2014 წლის 22 ოქტომბერს ჩვენი კლუბის თბილისის ოფისში “პრივატბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა იური კანდაუროვმა და “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, “ზესტაფონი” ბანკისაგან სასპონსორო დახმარებას მიიღებს, ხოლო თავად კლუბი “პრივატბანკს” რეკლამას გაუწევს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, თასის გათამაშებისა და ევროპული საკლუბო ტურნირების შეხვედრებში.
ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონიამ, რომელსაც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი ბატონი ილია კოკაიაც ესწრებოდა, ქართული მედიის მხრიდან საკმაო ინტერესი გამოიწვია – კლუბის ოფისში გამართულ ღონისძიებას ქართული ტელევიზიების გადამღები ჯგუფები და სპორტზე მწერალი ჟურნალისტები მრავლად დაესწრნენ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური