ჯერარდის მასტერკლასი ბალოტელის: როდის და სად უნდა გაცვალო მაისური
სტივენ ჯერარდმა მარიო ბალოტელის მაისურის სწორად გაცვლის მაგალითი მისცა. შეგახსენებთ, იტალიელმა ფორვარდმა “რეალის” მცველ პეპეს მაისური შესვენების დროს გაუცვალა, რამაც “ლივერპულის” ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია.
მატჩის დასრულებისთანავე კი, “ლივერპულის” კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, თანაგუნდელს აჩვენა თუ როდისაა მატჩის შემდგომი ფორმალობებისთვის გათვალისწინებული და შესაფერისი დრო.
საფინალო სასტვენის შემდეგ “ლივერპულის” ყოფილი მცველი, ალვარო არბელოა, რომელიც ამჟამად “რეალის” ღირსებას იცავს, სტივენ ჯერარდთან მაისურების გაცვლის ინიციატივით მივიდა. თუმცა, ჯერარდმა ყოფილ თანაგუნდელს მიანიშნა, რომ ამის გაკეთება მოედნის ფარგლებს გარეთ უკეთესი იქნებოდა.
იმას, რომ ფეხბურთელებს შორის “ბარტერი” მართლაც შედგა, მატჩის შემდეგ მადრიდელთა გასახდელში გადაღებული ფოტო ადასტურებს.