გოჩა ტყებუჩავა: “ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე შემტევი და ლამაზი ფეხბურთით გასვლაა”
ხვალ, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. გოჩა ტყებუჩავს გუნდს მეტოქეობას პოლონეთის, ესტონეთის და ლიხტენშტეინის გუნდები გაუწევენ. მატჩები კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის ძირითად და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება.
გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა დღეს ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ტურნირის სასტარტო მატჩის გამართვამდე უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარეს, რის შემდეგაც მედიისთვის კომენტარებიც გააკეთეს.
გოჩა ტყებუჩავა (მთავარი მწვრთნელი): “ნაკრების მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დღეს, ტურნირის დაწყებამდე ბოლო ვარჯიში ჩავატარეთ. საკადრო თვალსაზრისით გვაქვს მცირე პრობლემები. ტრავმების გამო ორი მოთამაშე დაგვაკლდება, თუმცა მათ გვარებს ამ ეტაპზე შეგნებულად არ დავასახელებ.
პირველ მოწინააღმდეგეზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ. ვიცით, რომ ლიხტენშტეინი საკმაოდ ბევრ გოლს უშვებს და ცოტა გააქვს. ტურნირზე გულშემატკივარტა მხარდჭერას დიდი მნიშვნელობა იქნება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენს სანახავად ევრი ხალხი მოვა. ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე შემტევი და ლამაზი ფეხბურთით გასვლაა.”
გიორგი არაბიძე (ფეხბურთელი): “გუნდში კარგი განწყობაა. ათი დღეა რაც შევიკრიბეთ და კარგად ვემზადებით. დადებითი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. ლიხტენშტეინთან შეხვედრაში რაც შეიძლება დიდი ანგარიშით გამარჯვებაა საჭირო”
საქართველოს ნაკრები ტურნირს შემდეგი შემადგენლობით ჩაატარებს:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“)
ნახევარმცველები: გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ვატო არველაძე (35-ე სკოლა), ლაშა ლეჟავა, რატი არდაზიშვილი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ნინუა, აკაკი ყურაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“),
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი).
მატჩები კი სამ დღეზეა გადანაწილებული და მომდევნო ეტაპის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. შეხვედრებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. აქვე გაგაცნობთ თამაშების განრიგს:
26 ოქტომბერი
13:00 – პოლონეთი vs ესტონეთი („მიხეილ მესხი“ – 2)
15:00 – საქართველო vs ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)
28 ოქტომბერი
13:00 – პოლონეთი vs ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ – 2)
15:00 – ესტონეთი vs საქართველო („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)
31 ოქტომბერი
15:00 – საქართველო vs პოლონეთი („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)
15:00 – ლიხტენშტეინი vs ესტონეთი („მიხეილ მესხი“ – 2)