ტყებუჩავას გუნდმა ლიხტენშტეინის ძლევით დაიწყო
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტპაი ლიხტენშტეინის ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო. ტყებუჩავას შეგირდებმა მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს.
მატჩი პირველივე წუთებიდან მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ანგარიშის გახსნა ქართველებს მე-6 წუთზე შეეძლოთ, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულ ლეჟავას მიზანმა უმტყუნა. მომენტები კიდევ იქმნებოდა, თუმცა გოლი იგვიანებდა.
28-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გიორგი არაბიძე შეიჭრა, რომელიც სტუმართა მცველებმა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. დარტყმის შესრულება თავად დაზარალებულმა ითავა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.
მალევე არაბიძეს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც მოედნის ცენტრში ეფექტურად ჩამოიტოვა მოწინააღმდეგე და მეტოქის კარში შორიდან დაარტყა. ნაკრების 10 ნომბირს მცდელობა მეტოქის კარს მცირე მანძილით ასცდა.
თამაშის ხასიათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. საქართველოს ნაკრები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და მომენტებსაც უხვად ქმნიდა, თუმცა რეალიზაციის პრობლემა აშკარა იყო. მიუხედავად ამისა მასპინძლებმა კიდევ ორჯერ შესძლეს მეტოქის დამწუხრება. ჯერ 51-ე წუთზე პირისპირ გასულმა ლეჟავამ ამჯერად უკვე ზუსტად დაარტყა, ხოლო 72-ზე შეცვლაზე საკმაოდ კარგად შესულმა კოხრეიძემ ულამაზესი გოლით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში – 3:0.
მომდევნო შეხვედრას ქართველი 17-წლამდელები 28 ოქტომბერს, ესტონელ თანატოლებთან გამართავენ, რომლებმაც დღეს პოლონელებისგან 4 უპასუხო გოლი გაუშვეს.
საქართველო 3-0 ლიხტენშტეინი
გოლები: არაბიძე 28′, ლეჟავა 51′, კოხრეიძე 72′
საქართველო: გიორგი ჩოჩიშვილი, თორნიკე ჭურაძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა, ირაკლი ბუღრიძე (გიორგი კოხრეიძე 68), გიორგი არაბიძე (თორნიკე მუზაშვილი 76), ლაშა ლეჟავა, რატი არდაზიშვილი (ვატო არველაძე 61).
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
ლიხტენშტეინი: მიხაელ ფოსერი, კუპერ ქუადერერი, რომან სპირიგი, ფილიპ სიმანი, ელიას ქუადერერი, ლივიო მეიერი, იანიკ ფრიკი (მენდერეს კაგლარი 68), მორიტს ეიდენბენსი (ჟულიან ფრიკი 59), რაფაელ გრუნენფელდერი, პასკალ კოლერი, კევინ ჰაძიპასიჩი (მანუელ მიკუსი 52).
მთავარი მწვრთნელი: მიხაელ კოლერი