19 წლამდე ‘ბორჯღალოსნები’ ნახევარფინალში ‘დათვებს’ ეთამაშებიან
26 ოქტომბერს ლისაბონში სტარტი აიღო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა. ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში 55-3 გაიმარჯვეს ჰოლანდიელ თანატოლებთან. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში 9 ლელო გაიტანა. აქედან მხოლოდ 5 გარდავსახეთ.
პირველი ლელო 19-წლამდელებმა მე-7 წუთზე მიითვალეს – მეტოქის ხუთ მეტრიანთან აუტი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, მიეძალნენ და ლელოში შევიდნენ. გარდასახვა არაზუსტი იყო (5-0).
მე-13 წუთზე ქართველებმა მეორე ლელო გაიტანეს – მოტექე თავის 22-დან ფეხით გამოსვლას აპირებდა. ჩვენმა მორაგბეებმა დააფარეს, რასაც საქართველოს ნაკრებმა კონტრ-შეტევით უპასუხა. რაქიდან ლობჟანიძემ ფრთაზე იოსებ კიკვაძეს გადასცა ბურთი, რომელსაც მოწინააღმდეგის დაცვამ ვერაფერი მოუხერხა – ჯინჭველაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო და ახალგაზრდა ბორჯღალოსნები 12-0 დაწინაურდნენ.
ამ ეპიზოდიდან 6 წუთში ჰოლანდიელებს მატჩში პირველად და უკანასკნელად მიეცათ ანგარიშის სხვაობის შემცირების შესაძლებლობა – წინ დავარდნილ ბურთს ჰოლანდიელები დაეუფლნენ და კონტრშეტევისას ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს (12-3).
ტაიმის დასრულებამდე, ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს: 24-ე წუთზე აუტიდან მოლით დავდეთ (გარდასახვა ზუსტი იყო), ხოლო 30-ე წუთზე კი, ათმეტრიანთან შებოჭილმა კიკვაძემ შიგნით დააბრუნა ბურთი. რაქიდან კი, პირველი ბურთს შუამრბი გიორგი კოშაძე დაეუფლა, რომელსაც ლელოს დადება არ გასჭირვებია. ამჯერად ჯინჭველაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო. პირველი ტაიმი 24-3 დასრულდა.
19-წლამდელებმა ლელოების „სეზონი“ მეორე ტაიმის მე-3 წუთიდან განაახლეს. ჩვენი 22-დან დავით პაპავაძემ ცენტრამდე ამოიტანა ბურთი და რამოდენიმე დარტყმის შემდეგ მეტოქის ლელოს მოედნის მარცხენა კუთხეში ბადრი დანგაძემ დაამიწა (31-3). ხუთი წუთის შემდეგ, ჰოლანდიელთა ხუთმეტრიანში მოგებული დერეფნიდან ლელო ვასილ ლობჟანიძემ დადო (38-3). მე-16 წუთზე რატი შანიძემ გაზარდა ანგარიში. ლელო შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ბაბუნაშვილმა ვერ გარდასახა (43-3). 24-ე წუთზე მოგებული დერეფნიდან მოლით შევედით ლელოში. ამჯერად ბაბუნაშვილის დარტყმა ზუსტი იყო (50-3). სამიოდ წუთის შემდეგ – საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებს მატჩის ბოლო ლელო გაუტანეს – მოწინააღდეგე ეცადა გადმოკიდებული ბურთის დაჭერას, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა შერკინების კვაჭმა, გიორგი ტორაძემ დაასწრო ყველას, ლელომდე შეუჩერებლად ირბინა და დაამიწა. ლელოს გარდასახვა აღარ მოყოლია და რამოდენიმე წუთში დასრულდა შეხვედრა.
ნახევარფინალში საქართველოს 19-წლმადელთა ნაკრები რუსეთს ეთამაშება, რომელმაც მეოთხედფინალურ შეხვედრაში 48-15 სძლია პოლონეთს.
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებისა და 19-წლამდე დათვების შეხვედრა 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩის სთრიმი პორტუგალიის რაგბის კავშირის ვებ გვერდის შემდეგ ბმულზე იწარმოებს >>> http://www.fpr.pt/noticias/index.asp?opm=25&id=11386&id2=25
სხვა მატჩები:
ესპანეთი 24 რუმინეთი 13; რუსეთი 48 პოლონეთი 15; პორტუგალია 38 ბელგია 5
ირაკლი აბუსერიძე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი: „ნაკრებმა კარგად ითამაშა. პირველი 15 წუთის განმავლობაში გარკვეულ ტექნიკურ წუნს ჰქონდა ადგილი, რაც მალევე გამოსწორდა და ბიჭებმა მატჩში გარდატეხა შეიტანეს.
“სამწვრთნელო შტაბის დავალება გუნდმა ზედმიწევნით შეასრულა რაც კარგ სათამაშო დისციპლინაში და უშეცდომო დაცვაში გამოიხატა.“
ილია მაისურაძე, 19-წლამდელების მთავარი მწვრთნელი: „ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო. კმაყოფილი ვარ იმით, რომ დავალება ზუსტად შეასრულა გუნდმა და სათაშო გეგმის და სისტემის მიხედვით ითამაშა. წინა მატჩებთან შედარებით აღსანიშნავია გაუმჯობესებული სათამაშო დისციპლინა. მოწინააღმდეგე გუნდიც მინდა შევაქო, რომელიც ანგარიშის მიუხედავად ბოლომდე გვეთამაშა და წინააღმდეგობა გაგვიწია.
„დღეს გუნდს აღდგენის დღე აქვს, ხვალ კი ბუნებრივ საფარიან მოედანზე ვივარჯიშებთ. პირველ თამაშამდე რამოდენიმე ვარჯიშის ჩატარება ხელოვნულ მოედანზე მოგვიწია, რამაც მოთამაშეებს დაჭიმულობები გაუჩინა, რადგან მთელი მოსამზადებელი პერიოდი შევარდენის ბალახიან მოედანზე გავიარეთ.
„ნახევარფინალში ჩვენს მეტოქეს რაც შეეხება, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელიც მსხვილი და სწრაფი მომორაგბეებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ მოვიპოვეთ მათი მეოთხედფინალური მატჩის ჩანაწერი და ვიდეოანალიზს გავდივართ. ვიცით მათი სუსტი და ძიერი მხარეები. მიმაჩნია, რომ არსებული სათამაშო გეგმით მოწინააღმდეგეს ძლიერი მხარეების გამოყენების შესაძლებლობას არ მივცემთ.“
Rugby.GE