ევროპის ჩემპიონი ფინალშია
ლისაბონში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ‘ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა’ 41- 5 დაამარცხეს თანატოლი ‘დათვები’. 19-წლამდელებმა ილია მაისურაძის და სამწვრთნელო შტაბის სათამაშო გეგმის ზედმიწევნით შესრულების დავალება კარგად შეასრულეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.
მატჩში ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა – რუსმა მორაგბეებმა ბურთი დაკიდეს, რომელიც რამოდენიმე ფაზიანი შეტევსი შემდეგ 19-წლამდელების მგეზავმა, რევაზ ჯინჭველაშვილმა ლელოში მარჯვენა ფრთიდან დაამიწა. თავისივე ლელოს გარდასახვა ჯინჭველაშვილს არ გასჭირვებია, რითაც ახალგაზრდა ბორჯღალოსნები 7-0 დაწინაურდნენ. რუსმა მორაგბეებმა განაახლეს თამაში და მალევე დაცვაში დაჯარიმდნენ. ჯინჭველაშვილმა კარში დაარტყა და სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა (10-0). ეს ყველაფერი საწყის 4 წუთში მოხდა.
ამ ეპიზოდიდან 17 წუთის განმავლობაში ანგარიში არ შეცვლილა. რუსეთის ნაკრებმა მიღებული ქულების შემდეგ დაცვა გააუმჯობესა და შეტევის რამოდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. 21-ე წუთზე კი, ახალგაზრდა დათვებმა მატჩში პირველი და ერთადერთი 5 ქულა მოიხვეჭეს – ცენტრში დანიშნული შერკინებიდან, რუსმა 19-წლამდელებმა შეტევა მარცხენა ფთაზე გადაიტანეს და ლელო გაიტანეს, რომლის გარდასახვაც ვერ მოეხაერხეს (10-5).
დათვებს ბორჯღალოსნებმა პასუხი 28-ე წუთზე გასცეს, როდესაც მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დანიშნული შერკინებიდან ბექა გორგაძემ ბურთი გამოიტანა და ზედ ლელოს ხაზსთან გარეთ ვასილ ლობჟანიძეს გადააწოდა. ამ უკანასკნელს კი დამიწება აღარ გასჭირვებია. ჯინჭველაშვილი ამჯერად არაზუსტი იყო და ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა (15-5).
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო მრისხანედ გამოიყურებოდა და საწყის 17 წუთში რუსებს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი ლელო გავუტანეთ. თავი გამოიჩინეს: ოთარ გიორგაძემ, დავით გულიტაშვილმა, ნიკა ნეფარიძემ და შეცვლაზე შესულმა გიორგი მელიქიძემ. ამ ოთხი ლელოდან ჯინჭველაშვილმა სამი გარდასახა და მის ანგარიშზე საბოლოოდ 16 ქულა გამოვიდა.
ნამატჩევს ახალგაზრდა ბორჯღალოსანთა კაპიტნამა ბადრი ალხაზაშვილმა განაცხადა: „დილიდანვე მთელი გუნდი უაღრესად მოტივირებულნი ვიყავით. ყველა თამაშზე ვფიქრობდით და ჩვენთვის ეს დიდი დღე იყო, რადგან რუსეთთან თამაში ყოველთვის დაკავშირებულია ემოციებთან და დიდ პასუხისმგებლობასთან. თამაშამდე, გახურებისას ყველას დაგვეტყო, რომ 100 პროცენტით მზად ვიყავით და ეს მინდორზეც დავამტკიცეთ. შეცდომების მიუხედავად მაინც მოვახერხეთ და დავლაგდით. შედეგით კმაყოფილები ვართ. მთელი გუნდის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს – მიუხედავად მანძილისა, მათგან დიდი სითბოს ვგრძნობდით.“
ფინალი პორტუგალიის წინააღმდეგ
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს შეხვდა და 14-7 სძლია მოწინააღმდეგეს.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 1 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებ გუნდს შეხვდება.
ფინალის სთრიმი შემდეგ ბმულზე იწარმოებს >>> http://www.fpr.pt/noticias/index.asp?opm=25&id=11386&id2=25
Rugby.GE